ბათუმში წყალში ნარჩენების შემგროვებელი დრონის სადემონსტრაციო ჩვენება გაიმართა
ბათუმში წყალში ნარჩენების შემგროვებელი დრონის სადემონსტრაციო ჩვენება გაიმართა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით 5 ივნისს ბათუმში წყალში ნარჩენების შემგროვებელი დრონის სადემონსტრაციო ჩვენება გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აქტივობებს, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ელენე ღუბიანურთან ერთად, სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით მუჯირიშვილი, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის, შპს „სანდასუფთავების“ და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„წყლის ზედაპირიდან ნარჩენების შემგროვებელი ინოვაციური დრონი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის თანამედროვე ტექნოლოგიას წარმოადგენს, რომელიც ევროპის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული და, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად დაეხმარება შესაბამის სამსახურებს შავ ზღვაზე დასუფთავების ღონისძიებების გატარებაში. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავზარდოთ გარემოსდაცვითი მიმართულებით საზოგადოების ცნობიერება. ამ მიზნით, პროექტის „ინოვაციური ერთობლივი სწავლება შავი ზღვის აუზში მცხოვრები თემების გარემოსადმი მეგობრული ქცევის ჩამოსაყალიბებლად“ ფარგლებში, შავი ზღვის მოსაზღვრე პარტნიორ ქვეყნებში, თურქეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და საქართველოში შეირჩა სამიზნე ჯგუფები, რომელთათვისაც დაგეგმილია გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები“, – განაცხადა ელენე ღუბიანურმა.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქალაქ ბათუმში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა აქტივობა განახორციელა. მათ შორის, ჩატარდა ბათუმის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები პროექტის „ინოვაციური ერთობლივი სწავლება შავი ზღვის აუზში მცხოვრები თემების გარემოსადმი მეგობრული ქცევის ჩამოსაყალიბებლად“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, პროგრამის „Interreg NEXT Black Sea Basin Programme“ ფარგლებში და მისი მიზანია მოქალაქეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და შავი ზღვის აუზის რეგიონებში დაბინძურების შემცირება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების მიერ გარემოსდაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად არაერთი ღონისძიება ჩატარდა. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, მოხალისეობრივი პლატფორმის, „ტყის მეგობრის“ ფარგლებში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების მასშტაბური აქცია გამართა; ლაგოდეხში დაცული ტერიტორიების სააგენტომ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ დასკვნითი ღონისძიება ჩაატარა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეზოში სკოლის მოსწავლეებისთვის ინფოტური და მათი ნამუშევრების გამოფენა გამართა.