ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნება
ბათუმში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გაიხსნება

ბათუმში დღეს რიგით მე-12 „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ (GDSC) გაიხსნება.

საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახსნის, რის შემდეგაც მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. ფორუმის სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც მიესალმება.

ორგანიზატორების განცხადებით, „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს, საერთაშორისო ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უმასპინძლებს, რომლებიც საერთაშორისო წესრიგის წინაშე არსებული უმნიშვნელოვანესი გამოწვევების შესახებ ინტერაქტიული პლენარული სხდომებისა და ღია დისკუსიების ფორმატში ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს გაუზიარებენ.

კონფერენცია ხუთი ინტერაქტიული სესიისგან შედგება. პირველი პანელის თემა იქნება „ქვეყნები წნეხის ქვეშ – საფრთხეების შეკავება“, რომელსაც „პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი“ წარუძღვება. მეორე სესიის განმავლობაში ტოტალური თავდაცვის თანამედროვე გამოწვევები განიხილება. მესამე სესიაზე, რომელსაც დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI) უმასპინძლებს, ევროატლანტიკურ სივრცეში უსაფრთხოების ცვალებად გარემოზე იმსჯელებენ. კონფერენციის მეოთხე პანელის თემა იქნება ბრიუსელის სამიტის შემდეგ ნატო-ს „ღია კარის პოლიტიკა“. სესიას „ჯეიმსთაუნის ფონდი“ (Jamestown Foundation) წარუძღვება. მეხუთე პანელი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციასთან (Munich Security Conference) პარტნიორობით გაიმართება და დაეთმობა „შავი ზღვის გეოპოლიტიკა – ფაქტები, ინტერესები და პერსპექტივების“ განხილვას.

„ბოლო 12 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილება. კონფერენციას 300-მდე მონაწილე დაესწრება, მათ შორის არიან მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. კონფერენციის პარტნიორები არიან დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI), პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი, ჯეიმსთაუნის ფონდი და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია (The Munich Security Conference), ხოლო კონფერენციის სპონსორები – იდენო (IDENO), თალესი (THALES) და ზენ ტექნოლოგიები (ZEN Techonologies)“, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

კონფერენცია ორდღიანია და ხვალ დაიხურება.