ბათუმში დაიწყო ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი „შოთას თასი 2022“, რომელიც ტრაგიკულად გარდაცვლილი მეკარის, შოთა მამინაშვილის ხსოვნას ეძღვნება – ტურნირის ორგანიზატორი აჭარის ფეხბურთის ფედერაციაა.
ტურნირი 2011 წელს დაბადებულთა შორის ტარდება. ბავშვთა საერთაშორისო ტურნირზე ბათუმის „დინამოს“ სამი ასაკობრივი გუნდი იასპარეზებს, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორია. ამავე დროს, ბათუმის კიდევ ერთი აკადემია „პორტუსი“ თამაშობს.
ამას გარდა, ბათუმში ჩავიდნენ „დინამო თბილისის“ და მარტვილის საფეხბურთო აკადემიები, „საბურთალო“, რუსთავის „გორდა“, თბილისის „ჩემპიონი“, თბილისის „გლდანი“, თბილისი საფეხბურთო სკოლა „სელერო“, „ვილიარეალი საქართველო“, ლანჩხუთის „გურია“, სევე სამი უცხოური კლუბი – ბავშვთა აკადემია რფს (ლატვია), ბაქოს „საბაჰი“ (აზერბაიჯანი) და ბაქოს „ვატანი“ (აზერბაიჯანი).
მატჩები ბათუმის „დინამოს“ ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისის ბაზაზე იმართება. გუნდებმა 8 ჯგუფი დააკომპლექტეს. დებულების თანახმად, მატჩები ორი 15-წუთიანი ტაიმისგან შედგება. ფინალური შეხვედრები 8 მაისს არის დაგეგმილი – გამარჯვებულების გარდა, სხვადასხვა ნომინაციებში საუკეთესოები დაჯილდოვდებიან.
შოთა მამინაშვილი 1986 წლის 30 აგვისტოს ბათუმში დაიბადა და ბათუმის „დინამოს“ მეკარე იყო. ასევე უთამაშია ხელვაჩაურის „მაჭახელაში“ და ქობულეთის „შუქურაში“, 2016-2017 წლებში კი „ზუგდიდში“ გამოდიოდა.
2017 წლის პირველ ოქტომბერს, „მცხეთა პარკზე“ „ვიტ ჯორჯიასა“ და „ზუგდიდს“ შორის მატჩი ტრაგიკული შემთხვევის გამო არ ჩატარდა. თამაშის დაწყებამდე, მოთელვაზე ზუგდიდელთა მეკარე შეუძლოდ გახდა. გუნდის ექიმისა და სასწრაფო სამედიცინო ბრიგადის გადაწყვეტილებით, შოთა მამინაშვილი დაუყოვნებლივ კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.