ბათუმში, ნატო-ს საფლაგმანო ხომალდზე ოფიციალური მიღება გაიმართა
ბათუმში, ნატო-ს საფლაგმანო ხომალდზე ოფიციალური მიღება გაიმართა

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საქართველოში საპორტო ვიზიტის ფარგლებში, საფლაგმანო ხომალდზე – ITS VESUVIO ოფიციალური მიღება გაიმართა.

საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი თემურ კეკელიძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი, საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თემურ კეკელიძემ სტუმრებს სიტყვით მიმართა, მან საქართველოს სანაპირო დაცვისა და ნატო-ს საზღვაო შენაერთის წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა და შენაერთის მეთაურს, კაპიტან ალესანდრო ფალკონეს ნაყოფიერი ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 25 ოქტომბერს შემოვიდა, რომლის შემადგენლობაშიც არის საფლაგმანო ხომალდი ITS VESUVIO (იტალია) და ხომალდი TCG AMASRA (თურქეთი). ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალური შეხვედრები გაიმართა საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებსა და ხომალდის ეკიპაჟის წევრებს შორის. დაგეგმილია სამდღიანი ფართომასშტაბიანი ერთობლივი წვრთნები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდებთან „დიოსკურიასა“ და „ოჩამჩირესთან“ ერთად.