ბათუმში ნარკორეალიზების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
ბათუმში ნარკორეალიზების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, 1966 წელს დაბადებული ი.მ. და 1969 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ქ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა აღნიშნული პირებისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული ცხრა აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა მ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას სამი აბი, დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი – 21 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.