ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა
ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა

ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია გაიმართა. აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ, როგორც პარტიის აჭარის რაიონული ორგანიზაციის წევრები, მათ შორის ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე, ასევე „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე და პარტია „ლელოს“ წევრი ირაკლი კუპრაძე.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა პატიმრობაში მყოფ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს.

„აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ  გვეჩვენებინა, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ოპონენტებისთვის, რამდენი ვართ, სად მივდივართ რა გვჭირდება, რატომ გვჭირდება გამარჯვება და როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი. დღეს, გარდა იმისა, რომ გეფერებით ყველას დიდი მოწიწებით, არ შემიძლია, არ მივესალმო და მოვიკითხო, ჩემი მეგობარი, რომელიც არის ციხეში, ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში, მიხეილ სააკაშვილი.

ყოველდღე, როდესაც თითოეული ჩვენგანი ვუყურებთ იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში არის ადამიანი, რომელმაც ამ ქალაქს, ქვეყანას ძალიან დიდი პროგრესი მოუტანა, რა თქმა უნდა, გული გვტკივა, რა თქმა უნდა, გაუსაძლისია.

არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, რისთვის ჩამოვიდა, რისთვის უყვარს თავისი ქვეყანა და რისი მიღწევა სურს მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ მივესალმოთ ჩვენს მეგობარს, ჩვენთვის ერთ-ერთ გამორჩეულ ადამიანს და ნამდვილად, იმ ადამიანს, ვისაც ეს ქვეყანა ტკივილამდე უყვარს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მიერ ლევან ვარშალომიძისთვის მიწერილი წერილიც წაიკითხეს.

„ჩემო ახლობელო, მშობლიურო, საყვარელო ბათუმელებო, მადლობა რომ შეიკრიბეთ, მათ შორის ჩემს მხარდასაჭერად. მადლობა, რომ ბევრი თქვენგანი 14-ში თბილისში იყო. მე მაგრად ვდგავარ. მოველი თქვენთან პირდაპირ კონტაქტს, მხდალმა ხელისუფლებამ სასამართლოზეც ვერ გაბედა ჩემი მიყვანა, სატელეფონო ზარები ამიკრძალა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ისინი უკვე დამარცხებული და ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ.

ზუსტად ვიცი, რომ ქათქათა ბათუმს ნიშნავს, რომ ბათუმში ლურჯი დროშების ნაცვლად, თეთრი, ქათქათა, ხუთჯვრიანი დროშები აფრიალდება და გიორგი კირთაძე იქნება საუკეთესი მერი ბათუმის ისტორიაში და მიშა ბოლქვაძე იქნება ხელვაჩაურში საუკეთესო მერი.

ხოლო მათი გამარჯვების მერე, გელით რუსთავში, მინდა, რომ ჩემი სატუსაღოს კარი, მათ შორის ბათუმელებმაც გააღოთ. არც ერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს სახლში, ყველანი არჩევნებზე, არც ერთი წამით არ უნდა შევჩერდეთ, შევუტიოთ ყველა მიმართულებით. ჩვენ კი არ უნდა ვიცავდეთ მათგან თავს, ისინი არიან და უნდა დარჩნენ თავდაცვის რეჟიმის პოზიციაში, გაუმარჯოს ბათუმს, გაუმარჯოს აჭარას, გაუმარჯოს საქართველოს!“ – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

დატოვე კომენტარი