ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი - პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია
ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი - პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია

ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის, ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია, – ამის შესახებ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გიორგი კირთაძე აღნიშნავს, ბათუმში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა.

„ჩვენს ქალაქში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. ბათუმი დაღუპულ თანამოქალაქეებს გლოვობს. ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია. ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს.

არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს დაუღალავი და თავდადებული შრომისთვის. სამუშაოები გრძელდება და იმედს არ ვკარგავთ, რომ ცოცხლებს ამოვიყვანთ ნანგრევებიდან“, – წერს გიორგი კირთაძე.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ნანგრევებიდან შვიდი გარდაცვლილი ამოიყვანეს. გუშინ გვიან ღამით ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი მოქალაქე კი, დღეს დილით კლინიკაში გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება ნანგრევებიდან ამოყვანილი 36 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც ექიმების შეფასებით, არის მძიმე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთ-ერთი პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში 11 სექტემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.