ბათუმში, მშენებარე ობიექტზე მამაკაცი ტრაქტორის ქვეშ მოყვა
ბათუმში, მშენებარე ობიექტზე მამაკაცი ტრაქტორის ქვეშ მოყვა

ბათუმში, მშენებარე ობიექტზე მამაკაცი ტრაქტორის ქვეშ მოყვა.

შემთხვევა იუსტიციის სახლის მიმდებარედ მოხდა, სადაც კომპანია „ორბი“ ყოფილი სასპორტო სკოლის შენობის დემონტაჟს ახორციელებდა.

მაშველებმა დაშავებული რამდენიმე წუთის წინ გამოიყვანეს. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

„პაციენტი შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მას დაზიანებები აღენიშნებოდა თავისა და მუცლის არეში. პირველადი დათვალიერებით, მდგომარეობა მძიმე იყო. ჩვენმა ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამდენად, მისი მდგომარეობის შესახებ უფრო დეტალურად მოგვიანებით გახდება ცნობილი“, -განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა მინდია კახიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.