ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ სამ ინფიცირებულს, რომელთაც ვირუსის სიმპტომები აღარ აქვთ, შესაძლოა, უახლოეს დღეებში კვლევა ჩაუტარონ და კლინიკიდან გაწერონ
ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ სამ ინფიცირებულს, რომელთაც ვირუსის სიმპტომები აღარ აქვთ, შესაძლოა, უახლოეს დღეებში კვლევა ჩაუტარონ და კლინიკიდან გაწერონ

ბათუმში, კლინიკა „მედალფაში“ მყოფი ცხრა ინფიცირებულიდან სამს უახლოეს დღეებში შესაძლებელია, პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევა ჩაუტარონ და იმ შემთხვევაში, თუ მათი ანალიზის პასუხი პირველ და განმეორებით ტესტში უარყოფითი იქნება, კლინიკიდან გაწერენ.

მედალფას“ კლინიკური დირექტორის, ალექსი გოხელაშვილის განცხადებით, სამი პაციენტის ინფიცირების დადასტურებიდან ორ კვირაზე მეტი გავიდა და თან მათ აღარ აღენიშნებათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

ამჟამად კლინიკაში მყოფი ცხრა ინფიცირებულიდან 80 წლის მამაკაცის მდგომარეობა ისევ მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე რჩება. რვა პაციენტის მდგომარეობა კი სტაბილურია.

„ამჟამად კლინიკაში არის ცხრა ინფიცირებული. რვა პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მსუბუქად მიმდინარეობს. ერთი იმყოფება კრიტიკულ მდგომარეობაში. დღეს შემოყვანილი 78 წლის პაციენტის მდგომარეობაც სტაბილურია, ამ ეტაპზე არ სჭირდება განსაკუთრებული ჩარევები, აქვს თანხმლები დაავადებებიც“, – განაცხადა ალექსი გოხელაშვილმა.

შვიდ შემთხვევაში ვირუსი იმპორტირებლია. ორი პირი კი, მათ შორის, მედდა, ინფიცირებული პაციენტისგან დაავადდა.

აჭარაში ამ დრომდე ერთი პირი გამოჯანმრთელდა, ახალგაზრდა ქალმა კლინიკა რამდენიმე დღის წინ დატოვა.