ბათუმში კერძო საბავშვო ბაღი „ჯადოსნური სამყარო“ დახურეს
ბათუმში კერძო საბავშვო ბაღი „ჯადოსნური სამყარო“ დახურეს

ბათუმში კერძო საბავშვო ბაღი „ჯადოსნური სამყარო“ დახურეს. თანამშრომლები შენობიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებმა გამოიყვანეს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ბათუმიდან იუწყება, ბაღი რამდენიმე წელია ფუნქციონირებს შენობაში, რომელიც მერიის კუთვნილებაა.

ამასთან, მერიის თანამშრომელთა განცხადებით, შენობაში არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, ანტისანიტარია და საბავშვო ბაღისთვის არასათანადო პირობებია, რასთან დაკავშირებითაც ადმინისტრაცია არაერთხელ გააფრთხილეს.

შენობიდან გამოსახლება ბაღის პედაგოგებმა გააპროტესტეს. ისინი ალტერნატიული ფართის მოსაძებნად რამდენიმეთვიან ვადას ითხოვდნენ.

„მერიისგან დროს ვითხოვდით, რომ სხვაგან აგვეღო ფართი, სად უნდა წავიდნენ ბავშვები. ისედაც არ ყოფნის ქალაქს ბაღები, გაურკვევლობაში დავრჩით“, – ამბობს ბაღის ერთ-ერთი თანამშრომელი.

„ჯადოსნურ სამყაროს“ 30 აღსაზრდელი ჰყავდა. ჯერ უცნობია, სად გადაიყვანენ მათ.

აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ საბავშვო ბაღი ბათუმის მერიის მოთხოვნით დაცალეს.

„კერძო საბავშვო ბაღი, რომელიც ავარიულ შენობაში იყო განთავსებული, ბათუმის მერიის მოთხოვნით, უნდა დაცლილიყო. საქმე აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2016 წლის ნოემბერში შემოვიდა. ორი წელი და ხუთი თვეა, ბიურო ცდილობს საქმის უმტკივნეულოდ და მხარეთა ინტერესების დაცვით დასრულებას. სწორედ ამისთვის მიეცა ბაღს დრო, რომ მოეძებნა ალტერნატიული ფართი. თუმცა სამწუხაროდ, მათ ეს არ გააკეთეს წლების განმავლობაში. დღეს, სპეციალურად უქმე დღეს, რათა პროცესი არ მომხდარიყო ბავშვების თვალწინ, ბიურომ შეასრულა ბათუმის მერიის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რადგან სხვა ალტერნატიულ არც ერთ წინადადებაზე კერძო ბაღის ადმინისტრაცია არ წამოვიდა“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს აღსრულების ეროვნულ ბიუროში.