ბათუმში, ფერიის ბავშვთა სკოლა-პანსიონში კორონავირუსი 25 აღსაზრდელსა და შვიდ თანამშრომელს დაუდასტურდა
ბათუმში, ფერიის ბავშვთა სკოლა-პანსიონში კორონავირუსი 25 აღსაზრდელსა და შვიდ თანამშრომელს დაუდასტურდა

ბათუმში, ფერიის ბავშვთა სკოლა-პანსიონში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსი პანსიონის 25 აღსაზრდელსა და შვიდ თანამშრომელს დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ.

უწყების ცნობით, პანსიონი განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.

„თანამშრომელთა და აღსაზრდელთა მორიგი ტესტირების დროს გამოვლინდა შემდეგი: რამდენიმე ბენეფიციარს გამოეხატა რესპირატორული სიმპტომები და სწრაფი ტესტირებით განესაზღვრათ დადებითი შედეგი, რის შემდგომაც ყველა მათგანი მყისიერად გადაყვანილი იქნენ კოვიდ-სასტუმროში.

განხორციელდა მთელი კონტინგენტის გამოკვლევა და ყველა საეჭვო შემთხვევაში ხდებოდა განმეორებითი ტესტირება, რის შედეგადაც გამოვლინდა დამატებით შემთხვევები.

დღეის მდგომარეობით ჯამურად ფიქსირდება 32 შემთხვევა, მათგან შვიდი მოზრდილი და 25 ბავშვი. მათგან 30 არის კოვიდ-სასტუმროში, ერთი სტაციონარში, ერთი ოჯახში“, – აღნიშნულია აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებაში.

მათივე ცნობით, პანსიონში ჰიგიენური ნორმები დაცულია. შედარებით მაღალი რისკის მქონე კონტაქტები იზოლირებული არიან. ამასთან, პედიატრების მეთვალყურეობით მიმდინარეობს უწყვეტი ზედამხედველობა; ბავშვებსა და თანამშრომლებს ყოველდღიურ რეჟიმში უგრძელდებათ თერმოსკრინინგი და გამოკვლევა/გამოკითხვა სიმპტომების გამოვლენის თაობაზე.