ბათუმში ექვსი ავტომობილის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ბათუმში ექვსი ავტომობილის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ამჟამად ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი,1999 წელს დაბადებული თ.ხ. ქურდობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20-21 აგვისტოს ბათუმში,ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილზე, მოქალაქეების კუთვნილი ექვსი ავტომობილის საქარე მინები დააზიანა, მანქანების სალონებში შეაღწია და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა იქ არსებულ სხვადასხვა პირად ნივთებს.

სამართალდამცველებმა თ.ხ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ ბათუმში, ბრალდებულის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებულმა მის მიერ, მიმდინარე თვეში, თბილისში ჩადენილი კიდევ რვა მანქანის გაქურდვის ფაქტი აღიარა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.