ბათუმში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა
ბათუმში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა

ბათუმში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება), 236 ( ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) და 239-ე (იარაღით ჩადენილი ხულიგნობის) მუხლებით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები 2 მარტს ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. დაპირისპირების შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო ხუთმა პირმა, ორი მოქალაქე – 1994 წელს დაბადებული გ.ჩ. და 1978 წელს დაბადებული ი.ბ. კი დაიჭრა. დაშავებულებს სამედიცინო დახმარება კლინიკაში გაეწიათ, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის, გ.ტ.-ს პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, რომელსაც შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

სამართალდამცველები აგრძელებენ ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით“,- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან წუხელ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შედეგად, ორი ადამიანი – ქალი და მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოსთან დაპირისპირება ორი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა.

ორივე დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება. მათ ოპერაცია ჩაუტარდათ.

ექიმების ინფორმაციით, დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.