ბათუმში აზაროვის ტრანსფერს უარყოფენ - თურქული მედიის ცნობით, „დინამომ“ სატრანსფერო თანხა გაზარდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ მხოლოდ ნაწილობრივ ადასტურებს თურქული მედიაში გავრცელებულ ცნობას, რომლის მიხედვითაც, თურქული ფეხბურთის გრანდმა, „ტრაბზონსპორმა“ საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ მოთამაშე ირაკლი აზაროვთან კონტრაქტზე შეუთანხმდა.
საქართველოს პირველ არხთან ბათუმის „დინამოში“ განუცხადეს, რომ თურქული კლუბი ნამდვილად დაინტერესებულია, მაგრამ ჯერ ირაკლის ტრანსფერი არ განხორციელებულა და ის კვლავ გუნდის წევრია.
თუმცა, „დინამო“ მოლაპარაკებას ადასტურებს – თურქების ინტერესი კონკრეტულია და შემოთავაზებაც საკმაოდ საინტერესოა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ და კონტრაქტი არ გაფორმებულა.
იგივე განაცხადა საქართველოს პირველ არხთან თურქმა უგუნ ჩემმა, რომელიც გაზეთ Sabah-ის რეპორტიორია.
„ვიცი, რომ ჯერ ტრანსფერის ბოლო დეტალები თანხმდება. „ტრაბზონსპორს“ ძალიან უნდოდა აზაროვის დამატება. რადგან გუნდს ძალიან სჭირდება მარცხენა მცველი. განსაკუთრებით დაინტერესებული გუნდის მწვრთნელი, აბდულა ავჩია, რომელიც აზაროვს გასული სეზონიდან მოყოლებული აკვირდებოდა. მაგრამ ჩემი ბოლო ინფორმაციით, ტრანსფერი არ დასრულებულა“, – გვითხრა უგუნ ჩემმა.
ახლახანს კი გამოცემა 61saat-მა გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც, აზაროვის ტრანსფერში ბათუმელებმა გაზრდილი თანხა მოითხოვეს.
„მოვლენების საინტერესო განვითარება მოხდა ქართველი ფეხბურთელის ირაკლი აზაროვის ტრანსფერთან დაკავშირებულ მოლაპარაკებაში. ჯერ გავრცელდა ცნობა, რომ „ტრაბზონსპორი“ დილით ფეხბურთელს შეუთანხმდა. მაგრამ მიღებული ინფორმაციით, დღეს აზაროვისთვის დაგეგმილი მოლაპარაკებები არ შედგა. ცნობილი გახდა, რომ ბათუმის „დინამომ“ ბოლო მომენტში აზაროვის ტრანსფერი გააძვირა. „ტრაბზონსპორი“ ცდილობდა ამ პრობლემის მოგვარებას. გავრცელებული ინფორმაციით, ტრაბზონში ახლა ბათუმის კლუბ „დინამოს“ ხელმძღვანელიც იმყოფება“, – ამტკიცებს 61saat.
დილით გამოცემა fanatik ამტკიცებდა, რომ თურქეთის სუპერლიგის პირველი წრის ლიდერი „ტრაბზონსპორი“ ირაკლი აზაროვს შეუთანხმდა და რომ 19 წლის მარცხენა მცველის ტრანსფერში ბათუმის „დინამოს“ 1 მილიონი ევრო შესთავაზა.