ბათუმში ამხანაგური შეხვედრა გაიმართება - „დინამოს“ ვეტერანები ბელოსტოკის „იაგელონიას“ უმასპინძლებენ #1TVSPORT
„ბათუმის „დინამოს ვეტერან ფეხბურთელთა გუნდი ბელოსტოკის „იაგელონიას“ უმასპინძლებს. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 13 მაისს ჯონი ბაკურიძის სახელობის საწვრთნელ ბაზაზე 18:30 საათზე გაიმართება, დასწრება თავისუფალია.
ბათუმის „დინამო“ ბელოსტოკის „იაგელონიას“ სულ ორჯერ შეხვდა. 2017 წელს გუნდები ერთმანეთს ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაუპირისპირდნენ. ეს იყო წლების შემდეგ ევროსარბიელზე „დინამოს“ დაბრუნება, მაგრამ ბათუმში ახალი სტადიონის მშენებლობა მაშინ მხოლოდ იგეგმებოდა და ამის გამო ზღვისპირელებმა პოლონურ კლუბს არა საკუთარ ქალაქში, არამედ ქუთაისში უმასპინძლეს.
29 ივნისს ქუთაისში სტუმრებმა 1:0 მოიგეს, ხოლო 8 ივლისს პოლონეთში ჩატარებულ საპასუხო მატჩში – 4:0. ბათუმის „დინამოს“ მაშინდელი შემადგენლობიდან კარიერა რამდენიმე მოთამაშემ დაასრულა – დათო კვირკველიამ, ოთარ მარცვალაძემ, ნიკა მგელაძემ. თორნიკე თარხნიშვილი კი ამჟამად ბათუმის „დინამოს“ სამწვრთნელო სტაფშია.
რა შემადგენლობით ითამაშებს „დინამო“ პოლონურ კლუბთან, ამის შესახებ კლუბი არ იუწყება.