ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა
ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა

ბათუმში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ღირებული პარტნიორობის 10 წელი – განვლილი გზა და პერსპექტივები“ დასრულდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დასკვნით სიტყვაში კონფერენციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის, ცოცხალი დისკუსიებისა და საინტერესო სესიებისთვის. მოგმართეთ თხოვნით, რომ ყოფილიყავით გულწრფელები და გაგეზიარებინათ ახალი იდეები, რომ ამ იდეებს მოჰყვეს საინტერესო დისკუსიები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავლის შესახებ. გუშინ ჩემმა კოლეგებმა შვედეთიდან და ნიდერლანდებიდან იხუმრეს და თავიანთ თავს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დედა და მამა უწოდეს, ჩვენ ჩეხ პარტნიორს კი, ვუთხარით, რომ ჩეხეთი ამ პროგრამის „ნათლიმამა“ იყო, რადგან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი შეხვედრა სწორედ პრაღაში ჩატარდა.

დაგპირდით, რომ მე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გავაგრძელებთ მუშაობას, გავაკეთებთ აქ წარმოთქმული იდეების ანალიზს, ვისაუბრებთ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მოდულებზე. ჩვენ მზად ვართ, ეს იდეები გავაანალიზოთ, შევაჯამოთ და გავუზიაროთ ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, როგორც მინისტრმა ღონისძიების შეფასებისას აღნიშნა, კონფერენციაზე საქართველო კიდევ ერთხელ იქნა წარმოჩენილი, როგორც ლიდერი ქვეყანა, რომელსაც აქვს ხელშესახები შედეგები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

„ვფიქრობ, ბათუმის კონფერენციამ თავის მიზანს მიაღწია და ეს იყო მართლაც უპრეცედენტო და უაღრესად მასშტაბური კონფერენცია, ასეთი ტიპის კონფერენცია ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ არც გვქონია, გამომდინარე სტუმრების მაღალი დონის და წარმომადგენლობის თვალსაზრისით, ასევე შინაარსიდან გამომდინარე. გზავნილები, რომლებიც გაჟღერდა, იყო უაღრესად მხარდამჭერი საქართველოსთვის და იმის თქმის საფუძველს მაძლევს, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს აქვთ ძალიან ზუსტი აღქმა პროცესებისა, რომელიც  მიმდინარეობს საქართველოში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კონფერენციაზე მკაფიო და მნიშვნელოვანი გზავნილები გაკეთდა.

„მინდა, შევაჯამო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისთვის მიძღვნილი უკვე ტრადიციად ქცეული კონფერენცია. წელს პირველად ძალიან მაღალი ტრიბუნიდან, ევროკავშირის ქვეყნების ათი მინისტრისგან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტისგან და ძალიან მაღალი რანგის პირებისგან მკაფიო გზავნილები მოვისმინეთ. ეს იყო საქართველოსთვის არამხოლოდ მხარდამჭერი, არამედ აქტიური დისკუსია იმის თაობაზე, კიდევ რისი გაკეთება არის შესაძლებელი ევროკავშირიდან, რათა საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს მას. ძალიან აქტიური დისკუსია იყო, განსაკუთრებით პირველ დღეს საქართველოს ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებაზე. ასეთი ტიპის დისკუსიები, მაღალ ტრიბუნაზე განხილვა, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს დიალოგს, რომელიც ევროკავშირთან გვაქვს. ძალიან მაღალი დონის კონფერენცია იყო. დარწმუნებული ვარ ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები ამ კონფერენციიდან ძალიან ბევრ საინტერესო შემაჯამებელ დასკვნას გააკეთებენ, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ბათუმში გუშინ გაიხსნა, კონფერენციაზე მოხსენებებით გამოვიდნენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავთ ზალკალიანმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და სხვებმა. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა თემატური სესიები, რომლებსაც მოდერაციას უწევდნენ ცნობილი საერთაშორისო ექსპერტები და მედიის წარმომადგენლები. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს სტუმრობდნენ ასევე ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების რვა საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები: პოლონეთიდან, შვედეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, სერბეთიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან, მოლდოვიდან, ალბანეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან.

კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა საფინანსო შეთანხმებები. ასევე, კონფერენციის პარალელურად, გუშინ ბათუმში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პირველი საინვესტიციო ფორუმი.