ბათუმისა და ხელვაჩაურის 50 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი
ბათუმისა და ხელვაჩაურის 50 ათასამდე აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა, რის გამოც ბათუმისა და ხელვაჩაურის 50 ათასამდე აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა. მილის დაზიანება სავარაუდოდ ბურღვითმა სამუშაოებმა გამოიწვია.

ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო და „სოკარ ჯორჯია გაზის” ჯგუფები.

ამ დროისთვის მაგისტრალური გაზსადენის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო, თუმცა როდის აღდგება გაზმომარაგება, „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის ოფისის ხელმძღვანელი ვერ აკონკრეტებს.

„დაზიანდა მაგისტრალური გაზსადენი, არის სრული დაზიანება, რის გამოც ბათუმსა და ხელვაჩაურში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდა. აღდგენითი სამუშაოები დავიწყეთ. სავარაუდოდ, ხვალ, შუადღიდან დავიწყებთ აბონენტების ეტაპობრივ ჩართვას. ამ დროისთვის ძნელი სათქმელია, ზუსტად რა დროში აღდგება სრულად გაზმომარაგება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის ოფისის დირექტორმა ვახტანგ ბერიშვილმა.