ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გაიხსნა
ბათუმის საზღვაო ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გაიხსნა

შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ ტერიტორიაზე, საზღვაო ნავსადგურში მულტიმოდალური გადატვირთვის ტერმინალი გაიხსნა.

ტერმინალის გახსნის ღონისძიებაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მიიღეს მონაწილეობა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის“ ტერიტორიაზე ბათუმის საზღვაო ნავსადგურში ახალი მულტიმოდალური საკონტეინერო გადატვირთვის ტერმინალი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო.  მოპირკეთდა 1ჰა დატვირთული კონტეინერების სასაწყობე ტერიტორია; მომზადდა და გამოიყო 1ჰა პარკირების ადგილი საბორნე გადაზიდვებთან დაკავშირებული სატვირთო მანქანებისა და მძიმე ტექნიკისთვის; დამატებით 1,7ჰა ტერიტორიაზე მოეწყო ცარიელი კონტეინერების შენახვისა და დასაწყობების ადგილი; მოეწყო 180მ სარკინიგზო ჩიხი და სატვირთო ავტომანქანების პარკინგი 2ჰა ტერიტორიაზე. გამარტივდა ტვირთების მოძრაობა და გაიზარდა როგორც საბორნე ხიდის, ასევე მთლიანად საკონტეინერო ტერმინალის გამტარიანობა.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებულმა საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროექტმა  შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალს“ შესაძლებლობა მისცა, 280მ სიგრძის შიდა ბეტონის გზა მოეწყო, ახალი შესასვლელით საკონტეინერო გადაზიდვებისთვის, რაც საშუალებას იძლევა, განცალკევდეს საკონტეინერო და საბორნე-სახმელეთო გადაზიდვები და  ნავსადგურის მთავარი შესასვლელი განიტვირთოს. ასევე ნავსადგურის აკვატორიასა და ფორვარტერში ფსკერდამაღრმავებელი სამუშაოები განხორციელდა, რის შედეგადაც ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის ნავმისადგომებზე უკვე შესაძლებელია ე.წ. ფედერმაქსის (FEEDERMAX) ტიპის საკონტეინერო გემების მიღება, რაც საოპერაციო შესაძლებლობებს ზრდის. ასევე, მოეწყო სასაწყობე ინფრასტრუქტურა და 3000 კვ.მ. დახურული საბაჟო საწყობი.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ჩამოთვლილი ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზება საკონტეინერო ტერმინალის გამტარუნარიანობას 100 პროცენტით ზრდის (100,000TEU-დან 200,000TEU-მდე) და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს არამარტო საკონტეინერო ტერმინალის, ასევე ნავსადგურის საქმიანობის ეფექტიანობისა და მომსახურების ხარისხს, რაც რეგიონის ეკონომიკას კიდევ უფრო გააძლიერებს და განავითარებს.