ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ რეზო წულუკიძესა და ელდარ ანთაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ რეზო წულუკიძესა და ელდარ ანთაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ რეზო წულუკიძესა და ელდარ ანთაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე გიორგი გრატიაშვილის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩნენ დაკავებულების ოჯახის წევრები და ადვოკატი, თუმცა გუშინდელი დღისგან განსხვავებით ახლობლებს დღეს აქცია აღარ გაუმართავთ.

ადვოკატი ნონა დუმბაძე ამბობს, რომ საქმეში ბრალდებულების წინააღმდეგ რეალური მტკიცებულება არ არსებობს.

„არის მხოლოდ ერთი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ სცემენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს. ცემასა და დაჭრის ფაქტს კი ერთმანეთთან კავშირი არ აქვს. რაც შეეხება აქციას, არ გაიმართება“, – განაცხადა ადვოკატმა.

წულუკიძისა და ანთაძის დაკავება ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გუშინ აჭარის მთავრობის სახლთან გააპროტესტეს. ხმაური და დაპირისპირება ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის აქციაზე ოთხი პირი დააკავეს, საიდანაც ორი მოსამართლემ დღეს დააჯარიმა, ორს კი სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.