ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნოდარ დუმბაძეს მაშველი გოგონების მიმართ სექსისტურ გამონათქვამში ადანაშაულებენ
ბათუმის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატ ნოდარ დუმბაძეს მაშველი გოგონების მიმართ სექსისტურ გამონათქვამში ადანაშაულებენ

ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძემ ბოდიში მოიხადა იმ კომენტარის გამო, რომელიც მაშველ გოგონებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გააკეთა.

„ზატო ხელოვნური სუნთქვა ეცოდინებათ“, – ამ კომენტარის გამო დღეს დუმბაძეს სიტყვიერად დაუპირისპირდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ პროგრამების ხელმძღვანელი რომა დოლაბერიძე. მან აღნიშნა, რომ საკრებულოს სხდომაზე სწორედ ნოდარ დუმბაძის მხრიდან დისკრიმინაციული განცხადების გასაპროტესტებლად მივიდა, თუმცა სხდომაზე გამოსვლის საშუალება არ მიეცა.

„შენ, როგორც საკრებულოს წევრს, ეს არ უნდა გაგეკეთებინა“, – მიმართა დოლაბერიძემ დეპუტატს.

საკრებულოს წევრი საქართველოს პირველ არხთან საუბარში ამბობს, რომ ეს კომენტარი ხუმრობა იყო და თუ საზოგადოებისთვის მიუღებელია, ბოდიშს იხდის.

„ეს კომენტარი მეგობრის სტატუსზე დავწერე, რომელიც მაშველი გოგონების პროფესიონალიზმზე საუბრობდა, არ მქონია არანაირი ცუდი განზრახვა, ეს იყო ხუმრობა, მაგრამ თუ საზოგადოებაში ეს აღქმულია, როგორც დისკრიმინაცია ან სექსისტური განცხადება, საზოგადოებას ვუხდი ბოდიშს“, – განაცხადა ნოდარ დუმბაძემ.

გუშინ გაკეთდა განცხადება, რომ შავი ზღვის სანაპიროზე მაშველი გოგონებიც გამოჩნდებიან. სოციალურ ქსელში აღნიშნული ინფორმაცია განხილვის საგნად იქცა.