ბათუმის საკრებულოს არჩეული ოპოზიციონერი წევრები აცხადებენ, რომ ძველი შემადგენლობის მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას ხელს შეუშლიან და სხდომის ჩაშლას შეეცდებიან
ბათუმის საკრებულოს არჩეული ოპოზიციონერი წევრები აცხადებენ, რომ ძველი შემადგენლობის მიერ ბიუჯეტის დამტკიცებას ხელს შეუშლიან და სხდომის ჩაშლას შეეცდებიან

ბათუმის საკრებულოს სხდომას, რომელზეც ძველი შემადგენლობა ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებას შეეცდება, ფიზიკურად შევუშლით ხელს, – ამის შესახებ ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს.

ახალარჩეული დეპუტატები ირწმუნებიან, რომ ორ დღეში საკრებულოს ძველი შემადგენლობა მომავალი წლის ბიუჯეტის დასამტკიცებლად შეიკრიბება.

„ჩვენ ვართ საკრებულოს არჩეული წევრები, გვაქვს სხდომაზე დასწრების უფლება, რა თქმა უნდა მივალთ და ფიზიკურად შევეცდებით სხდომის ჩაშლას, ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ არალეგიტიმურმა საკრებულომ ვერ შეძლოს ბიუჯეტის დამტკიცება“, – აცხადებს საკრებულოს არჩეული წევრი „ლელოდან“, ირაკლი კუპრაძე.

ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევდნენ, რომ საკრებულოს ძველი შემადგენლობის მიერ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება იქნება არალეგიტიმური ქმედება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი კირთაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ სურს ახალი მოწვევის საკრებულოს დაშლა.

„ბათუმის მერი, რომელიც რა გზით არის არჩეული, ყველამ იცის, უკვე შეუდგა მოვალეობის შესრულებას, მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ შეგნებულად არ ნიშნავს ახალი საკრებულოს სხდომას. ცდილობენ საკრებულოს ძველმა შემადგენლობამ დაამტკიცოს ბიუჯეტი, რითაც მერს აღარ შეექმნება პრობლემა, არ დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ამიტომ მერი დარჩება ადგილზე და „ქართული ოცნება“ დაშლის ახალ საკრებულოს, შემდეგ კი, დანიშნავს მხოლოდ საკრებულოს და არა მერის არჩევნებს, რასაც არ დავუშვებთ“, – ამბობს გიორგი კირთაძე.

საერთო განცხადების გაკეთებისას ოპოზიციის წევრებს არ შეუერთდნენ საკრებულოს არჩეული წევრები გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“.