ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, ოცს სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აღენიშნება
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, ოცს სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აღენიშნება

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, ოცს სხვადასხვა ხარისხის პნევმონია აღენიშნება, დანარჩენი პაციენტების უმრავლესობა კი უსიმპტომოა.

ამის შესახებ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიორგი კიკაბიძემ განაცხადა.

„პაციენტებიდან ორი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში, რომელთა მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. გაუარესება არ აღენიშნებათ, უკეთესობისკენ მოდიან, მაგრამ მაინც მძიმედ ითვლება მათი მდგომარეობა. გვყავს 20 პაციენტი სხვადახვა ხარისხის პნევმონიით, დანარჩენებიდან უმრავლესობა უსიმპტომოა“, – განაცხადა კიკაბიძემ.

მისივე განმარტებით, კლინიკა 170 საწოლზე არის გათვლილი.

„25 არის რეანიმაციული საწოლი. როგორც გავიგე, ახალი რეგულაცია შემოდის და თუ ერთი კვირის განმავლობაში პაციენტს სიცხე არ აღენიშნება, არც პნევმონია, ანუ უსიმპტომო პაციენტები ერთი კვირის შემდეგ შეიძლება გადაიყვანონ კარანტინის ზონაში. რამდენიმე დღეს იქ დაჰყოფენ, სადაც შეიძლება მათი ტესტირება და შინ გაწერა. ეს რომ ამოქმედდეს, კლინიკიდან დაახლოებით 25-30 პაციენტის გაშვება შეგვიძლია“, – განაცხადა გიორგი კიკაბიძემ.