ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდება
ბათუმის მე-16 საერთაშორისო კონფერენციაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გაფორმდება

ბათუმის XVI საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდება.

11-12 ივლისს დაგეგმილ კონფერენციასა და იმ ხელშეკრულებების შესახებ, რომელსაც ხელი მოეწერება ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გააკეთა განმარტება.

ცნობილი ხდება, რომ კონფერენციის ფარგლებში ხელი მოეწერება შემდეგ შეთანხმებებს:

• „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება;

• „საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება;

• „საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე” ოქმი;

• საქართველოს საგარეო საქმეთა და სერბეთის რესპუბლიკის ევროინტეგრაციის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი ევროინტეგრაციის საკითხებზე, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ევროინტეგრაციის კუთხით გამოცდილების გაზიარებისა და ევროკავშირის გზაზე წარმატებული სვლის მიმართულებით;

• საფინანსო შეთანხმება „უსაფრთხოების გაძლიერებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად“ (“EU4 Security, Accountability and Fight against Crime in Georgia (SAFE”), რომლის ფარგლებშიც საქართველო ევროკავშირისგან 28 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას მიიღებს. აღნიშნული პროგრამის ძირითად მიზანს წარმოადგენს საქართველოს მხარდაჭერა უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მათ შორის პროგრამა მოიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა: გადაუდებელი კრიზისული სიტუაციების მართვის პროცესში მხარდაჭერა და კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის გაუმჯობესების გზით საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების გაძლიერება;

• საფინანსო შეთანხმება – „ეკონომიკური მმართველობისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების მხარდაჭერა“ (EU 4 Economic Governance and Fiscal Accountability), რომლის ფარგლებში საქართველო ევროკავშირისგან 19 მილიონ ევრომდე (18 640 000) დახმარებას მიიღებს. აღნიშული პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ეკონომიკური მმართველობისა და დემოკრატიული ანგარიშვალდებულების განმტკიცებას, მათ შორის გარე აუდიტის ეფექტურობის გაუმჯობესებას და საჯარო ფინანსების ზედამხედველობის პროცესში დამოუკიდებელი მონიტორინგისა და საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფას.

11-12 ივლისს საქართველოს მთავრობა ბათუმში უმასპინძლებს მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლისთავს ეძღვნება.