ბათუმის „დინამოსთან“ შეხვედრამდე - „სლოვანი“ ვენესუელის ნაკრების თავდამსხმელით გაძლიერდა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ მეტოქემ, ბრატისლავას „სლოვანმა“ ზაფხულში მესამე ტრანსფერი განახორციელა. ვლადიმირ ვაისის გუნდის შეტევას 23 წლის თავდამსხმელი ერიკ რამირესი გააძლიერებს, რომელიც კიევის „დინამოდან“ ერთწლიანი იჯარით (ტრანსფერის გამოსყიდვის შესაძლებლობით) დაიმატა. ის გულშემატკივრებს კლუბმა ოფიციალურად წარუდგინა.
„ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მიზანი ფორვარდის პოზიციაზე კონკურენციის გაზრდა იყო. ჩვენ გვჯერა, რომ ჯანსაღი კონკურენცია ერიკ რამირესსა და ივან შაპონიჩს შორის სარგებელს მოუტანს მთელ გუნდს და ორივეს მოტივაციას შემატებს. ერიკმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა სლოვაკეთის ლიგაში, მას დიდი ხანია ვუყურებდით და როდესაც გაჩნდა მისი დამატების შესაძლებლობა, მოლაპარაკება დაუყოვნებლად დავიწყეთ“, – განაცხადა კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ივან კმოტრიკ უმცროსმა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან სლოვაკეთში კარგად ვგრძნობდი თავს და გოლები გამქონდა. სლოვაკურ ლიგას და ფეხბურთელებს კარგად ვიცნობ. „სლოვანში“ ძლიერი ფეხბურთელები არიან და ძალიან კარგად მიმიღეს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს დავეხმარო. ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია“, – განაცხადა ერიკ რამირესმა.
ერიკ რამირესი ვენესუელადან ევროპაში 2017 წლის ზაფხულში გაემგზავრა და ჩეხურ „კარვინაში“ ჩაირიცხა, 2019 წლის დასაწყისში იჯარით სლოვაკურ „სენიცაში“ გადავიდა, რომელსაც ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა – ჩემპიონატში 5 გოლს და 3 საგოლე გადაცემას სლოვაკეთის თასზე 4 გოლი დაუმატა და ოთხივე მეოთხედფინალში „ნიტრასთან“ (5:1) გაიტანა.
2019 წლის ზაფხულში ერიკ რამირესი „დუნაისკა სტრედას“ მოთამაშე გახდა, სადაც 23 გოლთან ერთად ანგარიშზე 10 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ის ლიგის ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავიდა. გასული სეზონის დაწყებამდე კიევის „დინამოში“ ჩაირიცხა და მისი მაისურით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ლა ლიგა 2-ში ითამაშა, სადაც ხიხონის „სპორტინგის“ მაისური ეცვა.
23 წლის ასაკში რამირესმა ვენესუელის ეროვნულ ნაკრებში 8 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლის ავორი გახდა – ბრაზილიის წინააღმდეგ 2021 წლის ოქტომბერში, როდესაც „ლივერპულის“ მეკარე ალისონ ბეკერს გაუტანა.