ბათუმის „დინამოსთან“ მატჩამდე „ტირანა“ ძირითადმა მეკარემ დატოვა - გუნდმა ალბანეთის ნაკრების მცველი დაიმატა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოსთან“ მატჩამდე „ტირანა“ ძირითადმა მეკარემ დატოვა - გუნდმა ალბანეთის ნაკრების მცველი დაიმატა #1TVSPORT

ალბანეთის ვიცე-ჩემპიონი „ტირანა“, რომელიც კონფერენსლიგაზე ბათუმის „დინამოს“ მეტოქეა, ძირითადმა მეკარემ დატოვა, სამაგიეროდ, გუნდმა რუმინეთიდან მცველი დაიმატა.

ცნობილი გახდა, რომ გუნდმა რუმინული „უტა არადის“ 27 წლის მარცხენა მცველი ერიონ ხოჯალარი დაიმატა, რომელიც „ტირანას“ აღზრდილია და 2020 წლიდან ალბანეთის ნაკრებში ოთხი მატჩი ჩაატარა.

კლუბი ერთ-ერთმა საკვანძო მოთამაშემ, ვისარ ბექაიმ დატოვა. კოსოვოს ნაკრების 27 წლის მეკარე ალბანურ გუნდში სამი წელი თამაშობდა და ამ პერიოდში 103 მატჩი ჩაატარა. კონტრაქტის დასრულების შემდეგ კი გუნდის დატოვება გადაწყვიტა. ბექაი კარიერას თურქულ „ჰატაისფორში“ გააგრძელებს, სადაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველები – საბა ლობჟანიძე და გიორგი აბურჯანია თამაშობენ.

„ტირანამ“ ბოლო ამხანაგური მატჩი ჩრდილოეთ მაკედონიის „სტრუგასთან“ გამართა და 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით გუნდმა მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა, ალბანეთის დედაქალაქში დაბრუნდა და ბათუმის „დინამოსთან“ მატჩისთვის ემზადება.

ბათუმის „დინამო“ კონფერენსლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ „ტირანას“ 13 ივლისს ესტუმრება, 20 ივლისს კი „ბათუმი არენაზე“ უმასპინძლებს.