ბათუმის „დინამოს“ წაუგებელი სერია გრძელდება - ჩემპიონმა „სიონს“ შანსი არ დაუტოვა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ წაუგებელი სერია გრძელდება - ჩემპიონმა „სიონს“ შანსი არ დაუტოვა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მატჩში ბათუმის „დინამომ“ ბოლნისის „სიონი“ მიიღო და მორიგი ლამაზი გამარჯვება მოიპოვა.

საბოლოოდ გაირკვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ გუნდი დატოვა და მოქმედმა ჩემპიონმა საქართველოს ნაკრების შემტევის გარეშე ითამაშა. პირველ ტაიმში „სიონმა“ თავის დაცვა მოახერხა, მაგრამ მეორე ტაიმში ვითარება შეიცვალა.

თავის გამოჩენა ზურიკო დავითაშვილმა მოახერხა. საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა შემტევმა ბურთი საჯარიმოსთან მიიღო, მცველებს სისწრაფეში გვერდი აუარა და „დინამო“ ულამაზესი გოლით დააწინაურა.

სტუმრები თავს მთელი ძალებით იცავდნენ და ბათუმელების შეტევებს იგერიებდნენ. მაგრამ მატჩის მიწურულს ჯოვინიო ფლამარიონმა დუბლი (84, 85) შეასრულა და 13 გოლით ბომბარდირთა დავაში კიდევ უფრო დაწინაურდა.

საბოლოოდ, ბათუმის „დინამომ“ (44) მორიგი გამარჯვება მოიპოვა (3:0) და პირველ ადგილზეა. „სიონი“ (20) ისევ მერვე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ამ მოგებით ბათუმელებმა წაუგებელი სერია 15 მატჩამდე გაზარდეს.