ბათუმის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად ჰაიკ ჰოვაკიმიანი დაინიშნა #1TVSPORT

18:30, 27.06.2026

ბათუმის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად ჰაიკ ჰოვაკიმიანი დაინიშნა – საფეხბურთო ფუნქციონერი, რომელიც გამორჩეულია სხვადასხვა კლუბში წარმატებული მუშაობით. „დებრეცენი“ უნგრეთის ჩემპიონატში მესამე ადგილზე გავიდა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, ხოლო „ნოა“ სომხეთის ორგზის ვიცე-ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის გამარჯვებული და ისტორიაში პირველი სომხური კლუბი გახდა, რომელიც უეფა-ს საკლუბო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. ამას გარდა, ჰოვაკიმიანს სხვადასახვა დროს გერმანულ „იურდინგენში“, იტალიურ „სიენასა“ და ლატვიურ რიგის „დინამოში“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ეკავა.

ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სპორტული დირექტორი საფეხბურთო მიმართულების სრულ მართვას განახორციელებს. მისი მთავარი მიზანი, ორგანიზაციულ დონეზე, კლუბის ერთიანი სპორტული სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა, სატრანსფერო პოლიტიკის ეფექტური მართვა და საკვანძო მიმართულებების (მთავარი გუნდი, აკადემია და სკაუტინგი) კოორდინაციაა.

ჰაიკ ჰოვაკიმიანი„ბათუმის „დინამოში“ მუშაობა ჩემთვის ახალი, ძალიან საინტერესო გამოწვევაა. კლუბის ხელმძღვანელობასთან ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ, სრულად დავრწმუნდი ამ პროექტის ამბიციურობაში და მჯერა, მის განვითარებაში ჩემი წვლილსაც შევიტან. მაქვს მკაფიო ხედვა, რომელიც კლუბის ამჟამინდელ მიზნებთან სრულ თანხვედრაშია.

მზად ვარ, მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი გამოცდილება და პროფესიული კავშირები, რათა „დინამომ“ რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს იმ წარმატებას, რომელსაც ეს ქალაქი და გულშემატკივრები იმსახურებენ.

საქართველოში ძალიან მიმზიდველი საფეხბურთო ბაზარია, რომელიც ადგილობრივი მოთამაშეების გამორჩეული ნიჭით იკვებება. კლუბს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ საინტერესო და მაღალი დონის ტრანსფერები რეალობად ვაქციოთ. ჩემი მიზანია, პროექტის წარმატებისთვის ეს უნიკალური შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო“.

მსგავსი