ბათუმის „დინამოს“ სპონსორი - კლუბი თუ გადმოგვეცემა, მარტო ინფრასტრუქტურაში ცხრა მილიონს დავხარჯავთ
ბათუმის „დინამოს“ სპონსორი - კლუბი თუ გადმოგვეცემა, მარტო ინფრასტრუქტურაში ცხრა მილიონს დავხარჯავთ

ბათუმის „დინამოს“ პატრონობა იმიტომ გადაწყვიტე, რომ ეს ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. ეს გუნდი და ზოგადად, ქართული ფეხბურთი მიყვარს და პერსპექტივასაც ვხედავ, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან ბიზნესმენი არჩილ ბერიძე.

„აქამდე ამის შანსს ვერ ვხედავდი. ახლა ქართულ ფეხბურთში ბევრი რამ შეიცვალა, მაგალითად, მიდგომები და კორუფციაც აღარ არის. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დაარსებამ კი გარდატეხა შეიტანა. გუნდში მისასვლელად ამ ფაქტორებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა“, – განაცხადა არჩილ ბერიძემ.

ბიზნესმენი სამშენებლო კომპანია „ლამინი გრუპის“ დამფუძნებელია, რომელიც ერთი წლის წინ ბათუმის „დინამოს“ სპონსორი გახდა. ახლა მოლაპარაკება გუნდის კომპანიის საკუთრებაში გადასვლის თაობაზე მიმდინარეობს. ბერიძე ამ პროცესს იმედიანად უყურებს.

„საფეხბურთო კლუბის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი ბათუმის მერიაა. ჩვენი კომპანიის შეთავაზებას განიხილავენ და „დინამოს“ განკერძოებაზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ. ქართულ ფეხბურთში დიდი პროცესები დაიწყო და ბათუმი უკვე ფეხბურთით ცხოვრობს, ჩვენ კი გუნდის გაძლიერება გვსურს. თუკი „დინამო“ ჩვენს კომპანიას გადაეცემა, „ლამინი გრუპი“ მზად არის, მომდევნო სამი წლის განმავლობაში მარტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ცხრამილიონიანი ინვესტიცია დახარჯოს, კლუბს კი დამატებით სხვა ფინანსები მოხმარდება. 5, 10 თუ 20 მილიონს, ამის წინასწარ თქმა შეუძლებელია. მთავარია, კლუბს ევროტურნირებზე გასასვლელად და ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად რა ფინანსები დასჭირდება“, – აღნიშნა არჩილ ბერიძემ.

ბიზნესმენის თქმით, ქართული ფეხბურთის პერსპექტივა გულშემატკივრებზეც არის დამოკიდებული.

„შესაძლოა, გუნდისთვის ააშენო სტადიონები, ბაზები, მაგრამ სწორად თუ არ მართე და მაყურებელი ვერ მოიზიდე, ყველაფერი აზრს დაკარგავს. თუკი ახალდაწყებული პროცესი გაგრძელდება და მაყურებელი ფეხბურთისკენ შემოტრიალდება, რამდენიმე წელიწადში ჩვენ საშუალო ევროპული დონის ჩემპიონატი გვექნება. კლუბის მართვა კი ხალხთან ერთად წარმომიდგენია. ბათუმის „დინამო“ მხოლოდ ჩემი კლუბი ვერ გახდება და არც შეიძლება, გახდეს. თუკი კლუბი გადმოგვეცემა, მინდა, ბათუმის „დინამოს“ აქციები გამოვუშვათ და 5 ან 10 პროცენტი ფანკლუბს გადავცეთ. ეს ხალხი კლუბის აქციონერები უნდა გახდნენ და მართვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობდნენ. მაგალითად, პრეზიდენტის არჩევნებსა და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში“, – განაცხადა არჩილ ბერიძემ.