ბათუმის „დინამოს“, სავარაუდოდ, სატრანსფერო ბანს ივნისში მოუხსნიან - მანამდე კლუბმა აკადემიის აღზრდილებს კონტრაქტები გაუხანგრძლივა #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ საკუთარი აკადემიის აღზრდილებთან, გურამ ჯაფარიძესა და გიორგი ფუტკარაძესთან ხელშეკრულებები გაახანგრძლივა. ახალგაზრდა ფეხბურთელები კლუბის ღირსებას 2028 წლის ბოლომდე დაიცავენ.
გურამ ჯაფარიძე ბათუმის „დინამოს“ მთავარ გუნდში 2024 წლიდან თამაშობს და „ლურჯ-თეთრი“ ფორმა უკვე 54-ჯერ მოირგო (მის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა). გიორგი ფუტკარაძემ კი 2023 წლიდან ჩატარებულ 44 შეხვედრაში ერთი საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
ფიფა-მ ბათუმის „დინამოს“ სატრანსფერო ბანი 2025 წელს მოთამაშეების (მათ შორის, ლეგიონერების), მწვრთნელებისა და პერსონალის მიმართ არსებული დავალიანებების გამო დაუწესა, რის გამოც კლუბმა სეზონის დაწყებამდე ფეხბურთელების დამატება ვერ შეძლო. ამჟამად გუნდის ახალმა მენეჯმენტმა დავალიანების უდიდესი ნაწილი უკვე გაისტუმრა.
უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებთან კონტრაქტების გახანგრძლივება არ ნიშნავს იმას, რომ კლუბს სატრანსფერო ბანი უკვე მოუხსნეს. საქართველოს პირველ არხთან საუბრისას გუნდში იმედი გამოთქვეს, რომ, სავარაუდოდ, ეს ივნისში მოხდება. შესაბამისად, „დინამო“ ახალწვეულებს ეროვნული ლიგის მეორე ნახევრის დაწყებამდე დაიმატებს.