ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი - ისტორია დავწერეთ, ახლა ჩვენი მიზანი ევროტურნირის ჯგუფში მოხვედრაა #1TVSPORT
საქართველოს პირველი არხის გადაცემის „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად” სტუმარი ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი არჩილ ბერიძე იყო, რომელმაც მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა.
„უპირველესად მივესალმები იმას, რასაც თქვენ ამ გადაცემით აკეთებთ. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი საქმე და მადლობა მინდა გადაგიხადოთ. ბათუმში თქვენ გადაცემას ბევრი მაყურებელი ჰყავს. ამ ფერხულში ბატონი ვლადიმერისნაირი რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ჩართული, უფრო დიდი საქმე გაკეთდება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დარწმუნებული ვარ, ქართულ ფეხბურთს მომავალი აქვს და ჩვენ, ვისაც ეს სპორტის სახეობა გვიყვარს, ყველამ ერთად უნდა ვეცადოთ და ვიშრომოთ, რომ რაღაც საფეხურზე ავიყვანოთ. ბათუმის „დინამო“ ამის ნათელი მაგალითია. ყველა ბათუმელს და მის გულშემატკივარს ისტორიაში პირველ ჩემპიონობას მივულოცავ. ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია და ბევრი სიხარული გველოდება“, – განაცხადა არჩილ ბერიძემ.
მან ბათუმის „დინამოში“ მისვლის პერიოდი გაიხსენა:
„კლუბში აწ გარდაცვლილ ჯონი ბაკურიძესთან ერთად მივედი. გუნდი, ფაქტობრივად, არ არსებობდა, დიდი პრობლემები ჰქონდა და მიზნად დავისახეთ, რომ საქართველოში წარმატებული კლუბი შეგვექმნა. ყოველდღიური შრომის შედეგად წინ მივიწევთ. ისტორია დავწერეთ და ასე უნდა განვაგრძოთ“.
ბერიძემ ის მიზეზები დაასახელა, რაც გუნდს ხელს უშლიდა, რომ ჩემპიონობა მოეპოვებინა:
„წინა ორ წელს გუნდს საჩემპიონოდ გამოცდილება დააკლდა. ყოველ წელს ახალი ფეხბურთელები მოდიოდნენ და გუნდი ყალიბდებოდა. 2018 წელს, როდესაც გია გეგუჩაძე მოვიდა, ვთქვით, რომ ერთწლიანი გუნდი არ გვინდოდა. გრძელვადიანი პროექტის განხორციელება დავისახეთ მიზნად. გვაკლდებოდა საკუთარი სტადიონიც – პირველი 14 ტური გასვლაზე ჩავატარეთ. გამოცდილებაც გვაკლდა, რაც ევროტურნირზე მივიღეთ და რამაც ბიჭებს თავდაჯერებულობა შემატა. ევროტურნირები შემდეგ ბათუმის „დინამომ’ ჩემპიონობამდე გზა ერთიო ამოსუნთქვით გაიარა“.