ასე ჩემპიონობა არსად აღუნიშნავთ - ბათუმის „დინამო“ მეათე გუნდია, რომელიც ოქროს მედლებს დაეუფლა [ფოტო] #1TVSPORT
ასე ჩემპიონობა არსად აღუნიშნავთ - ბათუმის „დინამო“ მეათე გუნდია, რომელიც ოქროს მედლებს დაეუფლა [ფოტო] #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ მეათე გუნდია, რომელმაც საქართველოს ჩემპიონატში ოქროს მედლები მოიპოვა.

ეროვნული ლიგა (ადრე უმაღლესი ლიგა) 8 ქალაქის 10-მა გუნდმა მოიგო. ყველაზე მეტჯერ ჩემპიონობა „დინამო თბილისმა“ იზეიმა, რომელმაც ოქროს მედლები 18-ჯერ მოიპოვა.

ოქროებით მეორე ადგილზე ქუთაისის „ტორპედოა“ – მის თავს გადამხდარი გაჭირვებების მიუხედავად, გუნდი პირველობამდე 4-ჯერ მივიდა. ჩემპიონები 3-3-ჯერ გახდნენ „ვიტ ჯორჯია“, „ზესტაფონი“ და „რუსთავი“.

აღსანიშნავია, რომ ამ გუნდებიდან „დინამო თბილისი“ ერთადერთია, რომელსაც რიგით მეორე ლიგაში არასოდეს უთამაშია. მხოლოდ „დინამო“ და „საბურთალო“ არიან, რომლებიც ლიგიდან არ გავარდნილან – ეროვნულ ლიგაში „საბურთალო“ 2015 წლიდან გამოდის.

საინტერესო ფაქტები

  • საქართველოს ჩემპიონი გუნდებიდან ახლა ორი მეორე ლიგაში დასარჩენად იბრძვის – „ვიტ ჯორჯია“ და „რუსთავი“.
  • გარიგებული თამაშებისადმი პროტესტის ნიშნად 2015 წელს ეროვნული ლიგიდან გასული „ზესტაფონი“ დიდი ხანი იყო დაბალ ლიგებში და ლიგა 3-ში წელს დაწინაურდა.
  • ეროვნული ლიგიდან კიდევ ერთი ჩემპიონი წელს გავარდა – „სამტრედია“.
  • სეზონის შედეგებით, ეროვნულ ლიგაში ჩემპიონი გუნდებიდან ერთ-ერთი, ბოლნისის „სიონი“ დაწინაურდა.
  • საქართველო დამოუკიდებლად ჩემპიონატს 1990 წლიდან ატარებს. არც ერთ ჩემპიონ კლუბს ტურნირის დაწყებიდან ერთი პატრონი არ ჰყოლია.
  • ჩემპიონებიდან სამ გუნდს საკუთარი სტადიონი არ აქვს ან საკუთარ არენაზე ვერ თამაშობს (სტანდარტების გამო).
  • საქართველოს ჩემპიონი 21-ჯერ გახდა თბილისის გუნდი.

 

საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულები

1 დინამო თბ. 18 (1990, 1991, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1994-95, 1995-96, 1996-97, 1997-98, 1998-99, 2002-03, 2004-05, 2007-08, 2012-13, 2013-14, 2015-16, 2019, 2020)

2 ტორპედო 4 (1999-00, 2000-01, 2001-02, 2017)

3 ვიტ ჯორჯია 2 (2003-04, 2008-09)

4 ზესტაფონი 2 (2010-11, 2011-12)

5 რუსთავი 2 (2006-07, 2009-10)

6 სიონი 1 (2005-06)

7 დილა 1 (2014-15)

8 სამტრედია 1 (2016)

9 საბურთალო 1 (2018)

10 დინამო ბთ 1 (2021)

ჩემპიონობას ყოველთვის და ყველა გუნდი გამორჩეულად აღნიშნავდა. „ტორპედოს“ ჩემპიონობაზე ქუთათურებმა დიდი ზეიმი და მსვლელობა მოაწყვეს, ასევე მოხდა „ზესტაფონის“, „რუსთავის“, გორის „დილას“ და „სამტრედიას“ შემთხვევაში. ყველაზე პასიურად თბილისში აღნიშნავდნენ, რადგან ეროვნული ჩემპიონატი დედაქალაქში დიდად პოპულარული არაა.

მაგრამ ის, როგორც ბათუმში ჩემპიონობა აღნიშნეს, უპრეცედენტო იყო – ლაზერ-შოუ, ფოიერვერკვებით განათებული მთელ სტადიონი, რომელზეც პანდემიის გამო მხოლოდ 7-8 ათასი მაყურებელი დაუშვეს და ნამდვილად ევროპულად აღნიშნეს. მსგავსი ემოციები საქართველოს ჩემპიონობას არასოდეს გამოუწვევია. ეს არ იყო მხოლოდ ბათუმის „დინამოს“ წევრების და მათი ოჯახების და გუნდის გულშემატკივრების სიხარული – ეს ბათუმელების და აჭარის საერთო სიხარული იყო.

დატოვე კომენტარი