ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი - ჩემპიონობა და სუპერთასი ნაწილია იმ წარმატებების, რაც ბათუმს და აჭარას ელოდება #1TVSPORT
ბოლო დროს მოპოვებული ტიტულები მხოლოდ დიდი გზის დასაწყისია – ამის შესახებ აჭარის მთავრობის მეთაურ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრის შემდეგ, ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ განაცხადა.
ბოლო წლების განმავლობაში გუნდმა დიდ წარმატებებს მიაღწია, დაბრუნდა ეროვნულ ლიგაში, 2021 წელს პირველად გახდა საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონი, ხოლო 2022 წლის 20 თებერვალს ბათუმის „დინამო“ სუპერთასის მფლობელი გახდა.
აჭარის მთავრობის მეთაურმა ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელები მიიღო და ისტორიული სპორტული მიღწევებისა და მოპოვებული ჩემპიონობისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
„ჩვენ ეს პროექტი დავიწყეთ სულ რამდენიმე წლის წინ. მაშინ ბათუმის „დინამო“ მეორე ლიგაში იყო და ფაქტობრივად, პერსპექტივა არ არსებობდა. აჭარის მთავრობასთან ერთად ამ პროექტის შემუშავებამ გვაჩვენა, რა წარმატებას მიაღწია გუნდმა – მოვიგეთ ლიგა 2, ორჯერ გავხდით ვიცე-ჩემპიონები და მივაღწიეთ იმ სანუკვარ მიზანს, რასაც აჭარელი გულშემატკივარი 30 წელი ელოდა – საქართველოს ჩემპიონები გავხდით. მაგრამ მერწმუნეთ, ეს არ არის დასასრული, მხოლოდ გაგრძელებაა და პატარა ნაწილია იმ წარმატებების, რაც ჩვენს ქალაქს და კუთხეს ელოდება“, – განაცხადა არჩილ ბერიძემ.
სეზონის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ.
„ძალიან მსიამოვნებს, რომ ყველა ვიზიარებთ ამ გამარჯვებებს და მასთან დაკავშირებულ იმ სიხარულს და ბედნიერებას, რასაც გულშემატკივარსა და თითოეულ ჩვენთაგანშია. ეს არის უდიდესი პატივი, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობაცაა“.