ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელმა წიტაიშვილზე ისაუბრა - ნიჭიერი და ინდივიდუალურად ძლიერია #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ მწვრთნელმა წიტაიშვილზე ისაუბრა - ნიჭიერი და ინდივიდუალურად ძლიერია #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, უკრაინელმა ანდრეი დემჩენკომ კიევის „დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველის, გიორგი წიტაიშვილის შესახებ გამოცემა „უკრფუტბოლთან“ ისაუბრა.

ანდრეი დემჩენკო ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის როლში ნელ-ნელა სწავლობს თავის ახალი მოთამაშეების შესაძლებლობებს, თუმცა ზოგიერთ მათგანს, დიდი ხანია, დაუსწრებლად იცნობს. ერთი მათგანი ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილია, რომელიც „დინამოში“ იჯარით თამაშობს.

„წიტაიშვილს კარგად ვიცნობ. ჯერ უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ვნახე, წელს კი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების რიგებში – ევრო 2023-ზე.

ნიჭიერი და ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელია. ჯერ კიდევ გვჭირდება მუშაობა, რომ გავიგოთ, მისი თვისებების უკეთ გამოყენება როგორ შეიძლება“, – განაცხადა დემჩენკომ.

2022/2023 წლების სეზონი წიტაიშვილმა იჯარით პოზნანის „ლეხში“ გაატარა. მისი კონტრაქტი კიევის „დინამოსთან“ ძალაში 2024/2025 წლების სეზონის ბოლომდეა. Transfermarkt-ი საქართველოს ნაკრების მოთამაშის ტრანსფერს 900 000 ევროდ აფასებს.