ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი - პანდემიის შემდეგ გამოჩნდება, ძირითად ბირთვს რომელი გუნდი შეინარჩუნებს
ბათუმის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი - პანდემიის შემდეგ გამოჩნდება, ძირითად ბირთვს რომელი გუნდი შეინარჩუნებს

ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ საქართველოს პირველ არხთან ილაპარაკა, თუ როგორ ვარჯიშობენ მისი გუნდის მოთამაშეები კორონავირუსის პირობებში, როდის ელოდება სეზონის განახლებას და ფინანსურ პრობლემების შედეგად შემადგენლობის შენარჩუნება რამდენად რეალურია.

„მოთამაშეებს ყოველ კვირას სავარჯიშო პროგრამებს ვაწვდით, თუ როგორ უნდა ივარჯიშონ ამ პერიოდში. ეს ვარჯიშებია როგორც სახლის პირობებზე გათვლილი, ასევე სარბენი ვარჯიშები და კროსები. ახლანდელი ვითარება მხოლოდ ორიოდე ფეხბურთელს არ აძლევს საშუალებას, რომ ირბინოს. ფორმის მინიმალურ დონეზე შესანარჩუნებლად კი სირბილი და კროსები აუცილებელია“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან გია გეგუჩაძე.

ბათუმელთა მთავარი მწვრთნელის თქმით, ჩემპიონატის განახლებამდე გუნდებს მსოამზადებელი ეტაპის გავლა დასჭირდებათ:

„სეზონის განახლებამდე გასათვალისწინებელი იქნება გუნდს მოსამზადებლად საჭირო გონივრული ვადა. ოპტიმალური ექვსკვირიანი მოსამზადებელი ციკლია. მაგრამ დიდი ხანია გაჩერებულები ვართ და ჯერ კიდევ არავინ უწყის, სეზონი როდის განახლდება“.

გია გეგუჩაძემ გუნდების ფინანსურ პრობლემებზეც ილაპარაკა:

„პანდემიის შემდეგ რეალური შედეგები გამოჩნდება, რომელ გუნდს რა ფინანსური პრობლემები შეექმნება. ალბათ,ზოგი შემადგენლობის შენარჩუნებას მოახერხებს, ზოგსაც ეს გაუჭრდება. იმედია, ბათუმის „დინამო“ ამ მდგომარეობიდან ნაკლები დანაკლისით გამოვა“.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის „დინამო“ 2019 წელს საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა და ევროპის ლიგაზე უნდა ითამაშოს.