ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბი – მადლობა არჩილ ბერიძეს, თუმცა რადიკალური გადაწყვეტილების მიღების დროა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბი – მადლობა არჩილ ბერიძეს, თუმცა რადიკალური გადაწყვეტილების მიღების დროა #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბმა, Black Sea Pirates-მა საგანგებო განცხადება გაავრცელა და გუნდის მდგომარეობის გამოსწორება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის „დინამომ“ ფინანსური პრობლემები დაადასტურა, თუმცა უარყო ინფორმაცია, თითქოს კლუბს მეოთხე ლიგაში დაქვეითება ან ქულების ჩამოკლება ემუქრება.

„ფეხბურთი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ხოლო ბათუმის „დინამო“ – ჩვენი ღირსების სიმბოლო. კლუბი, რომელმაც არაერთი სიხარული გვაჩუქა, დღეს მძიმე კრიზისის წინაშეა და ახლა ჩვენი ხმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.

მიგვაჩნია, რომ ვალდებულები ვართ გამოვეხმაუროთ იმ საგანგაშო ვითარებას, რომელშიც გუნდი იმყოფება — ფინანსური კრიზისის გამო საფრთხე შეექმნა კლუბის პროფესიულ სტატუსს. ქულების დაკლება და მეოთხე ლიგაში დაქვეითება კი ფაქტობრივად კატასტროფას ნიშნავს. ეს მხოლოდ სპორტული პრობლემა არ არის — ეს ჩვენი ქალაქის, მისი ღირსებისა და იმ ისტორიის დისკრედიტაციაა, რომელიც 100 წელზე მეტია, ბათუმის „დინამოს“ უკავშირდება.

ამავდროულად, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ არჩილ ბერიძეს — ადამიანს, რომელმაც კლუბი იმ დროს ჩაიბარა, როცა „დინამო“ უმაღლესი ლიგიდან იყო გავარდნილი. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ბათუმის „დინამომ“ ჩემპიონობა მოიპოვა. გუნდმა არაერთი ისტორიული გამარჯვება იზეიმა და მრავალი სიხარული აჩუქა როგორც ქალაქს, ისე – გულშემატკივარს.

თუმცა დგება დრო, როცა საჭიროა რადიკალური გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როცა კლუბის ინტერესები ამას მოითხოვს. არ დავუშვებთ, რომ კლუბი მიტოვებულად დარჩეს და წაიშალოს ყველაფერი, რაც აქამდე ყველამ ერთად შევქმენით.

დროა ვიმოქმედოთ, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიან! ასევე, მივმართავთ იმ ხალხს, ვისაც დინამოს გადარჩენა შეგიძლიათ — გთხოვთ დროულ რეაგირებას, რადგან დრო ძალიან ცოტაა“ — აღნიშნულია ქომაგების განცხადებაში.