ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბი გუნდის თამაშებს პროტესტს უცხადებს - კლუბის ადმინისტრაცია გულშემატკივრებთან დიალოგის მომხრეა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ ფანკლუბი, „შავი ზღვის პირატები“ პროტესტის ნიშნად გუნდის თამაშებზე არ ივლიან, რადგან კლუბის ადმინისტრაციამ მათი მოთხოვნა მთავარი მწრთნელის, გია გეგუჩაძის გუნდიდან გაშვების შესახებ არ დააკმაყოფილა – განცხადება ფანკლუბმა ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა.
„„პირატები“ ვტოვებთ ტრიბუნას! ვინაიდან და რადგანაც ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა და ხელმძღვანელობამ არ მიიღო, ჩვენი აზრით, გონივრული გადაწყვეტილება, საჭიროდ ჩავთვალეთ პირველებს ისევ ჩვენ გვემოქმედა. კლუბის ხელმძღვანელობასთან და სტაფის წარმომადგენელთან შეხვედრა „ტირანასთან“ მატჩის შემდეგ, მეორე დღესვე გავმართეთ.
მიღებული პასუხები ჩვენთვის არადამაჯერებელი და მიმდინარე რეალობასთან აცდენილი იყო, თუმცა მოვითათბირეთ და გუნდისთვის გონივრული ვადის მიცემა გადავწყვიტეთ, შედეგად კი ვეტერანებთან შეხვედრა გვთხოვეს. აქვე, დიდი პატივისცემა ჩვენს ვეტერან ფეხბურთელებს, თუმცა შეხვედრას შეხვედრისთვის არ ვაპირებდით და არც მომავალში ვაპირებთ.
2011 წელს, როდესაც ფანკლუბი ფუძნდებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით, თუ ამ ფრაზის დაწერა მოგვიწევდა: „პირატები“ ვტოვებთ ტრიბუნას! ვტოვებთ, ვიდრე მთავარი მწვრთნელი არ დაგვემშვიდობება. აქვე გვინდა, აღვნიშნოთ – თუ ვინმეს სურვილი აქვს მივიდეს სტადიონზე, უმორჩილესად გთხოვთ, მიხვიდეთ „პირატების“ ატრიბუტიკის გარეშე“, – წერია ფანკლუბის განცხადებაში.
განცხადებას გამოეხმაურა ბათუმის „დინამოს“ ადმინისტრაცია, რომელმაც გულშემატკივრებთან დიალოგის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.
„თავს ვალდებულად მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ ჩვენი ფანკლუბის – „შავი ზღვის პირატების“ მიერ გაკეთებულ განცხადებას „დინამოს“ მატჩების ბოიკოტის შესახებ და საზოგადოებას განვუმარტოთ მოცემული ვითარება.
კლუბის მენეჯმენტის მხრიდან არ ჰქონია ადგილი მხოლოდ ვეტერან ფეხბურთელებთან შეხვედრის შეთავაზებას. ჩვენი შეთავაზება ითვალისწინებდა ცალკეულ ფორმატში კლუბის მენეჯმენტთან, ფეხბურთელებთან, სამწვრთნელო შტაბთან და პრეზიდენტთან შეხვედრას. ამაზე ყველა ეტაპზე მივიღეთ უარი, რაც აღნიშნული პროცესის მიზანმიმართული პერსონალიზაციის განცდას გვიჩენს.
კლუბის მენეჯმენტის მხრიდან დიალოგის კონსტრუქციულ და სადისკუსიო რეჟიმში გადაყვანის არაერთი მცდელობის მიუხედავად, მივიღეთ მხოლოდ ტენდენციური და ნეგატიური უკუკავშირი, რაც, ჩვენი აზრით, კლუბის ინტერესებს ვნებს და აზარალებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ფანკლუბის მხრიდან სხვა გულშემატკივრის მიმართ ისმის მატჩების ბოიკოტისა და საგულშემატკივრო ატრიბუტიკის არგამოყენების პირდაპირი თუ ირიბი მოწოდებები.
კლუბის მენეჯმენტი შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს მხოლოდ კონსტრუქციულ და ღია დიალოგში ხედავს. იმედს ვიტოვებთ, რომ ფანკლუბის წევრები გაითავისებენ ზემოაღნიშნულ მოცემულობას და კლუბის ინტერესებს პირად შეხედულებებზე მაღლა დააყენებენ“, – წერია ბათუმის „დინამოს“ ადმინისტრაციის განცხადებაში.