ბათუმის „დინამოს“ დირექტორატი კიდევ ერთმა წევრმა დატოვა – ფეხბურთში ზოგჯერ ისე ვითარდება მოვლენები, რომ რთულია ამის გაგება #1TVSPORT

21:22, 08.08.2026

ბათუმის „დინამოს“ დირექტორატის ოთხი წევრიდან სამმა გუნდი დატოვა. გენერალური მენეჯერის, ნიკოლოზ ჯღარკავასა და ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელის, ზურაბ ორაგველიძის შემდეგ იგივე ნაბიჯი კლუბის საფეხბურთო სტრატეგიის მენეჯერმა, ზურაბ თიგიშვილმა გადადგა.

„ჩემი, როგორც საფეხბურთო ბიზნესსტრატეგიისა და რეკრუტირების ხელმძღვანელის საქმიანობა „დინამო ბათუმში“ დასრულდა. პირველივე დღიდან ამ გამოწვევას უდიდესი მონდომებითა და პასუხისმგებლობით შევუდექი, სრულიად დარწმუნებული, რომ შემეძლო როგორც ეთიკური, ისე პროფესიული წვლილის შეტანა.

ვამაყობ, რომ ეს შევძელი – უპირველეს ყოვლისა, გუნდის შენარჩუნებითა და გაძლიერებით. სწორედ ამიტომ, მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ფეხბურთელს ნდობისთვის როგორც ჩემდამი, ისე ახალი პროექტის მიმართ. სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ყველა იმ მიზნის განხორციელება, რაც კლუბისთვის დავისახე. თუმცა ეს ფეხბურთია და ზოგჯერ ისე ვითარდება მოვლენები, რომ რთულია ამის გაგება.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვისთანაც ვიმუშავე და ვინც გავიცანი როგორც კლუბში, ასევე მის მიღმა. განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს, რომლებიც ამ სპორტის არსს წარმოადგენენ. დიდი პატივი იყო, რომ ამ კლუბს წარმოვადგენდი“, – აცხადებს ზურაბ თიგიშვილი.

მსგავსი