ბათუმის „დინამომ“ უკრაინელი მცველი დაიმატა, გუნდი ალეფ სანტოსმა და გომისმა დატოვეს #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ უკრაინელი მცველი დაიმატა, გუნდი ალეფ სანტოსმა და გომისმა დატოვეს #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ თურქეთში იმყოფება და ანტალიაში ახალი სეზონისთვის ემზადება. ცნობილი გახდა, რომ გუნდში საკადრო ცვლილებებია.

ბათუმელებთან კონტრაქტი დაუსრულდა ალეფ სანტოსს, რომელმაც „დინამო“ დატოვა. 28 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ანდრეი დემჩენკოს ხელმძღვანელობით ბათუმში გორის „დილადან“ იყო გადასული და გუნდში მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა. სანტოსი კარიერას სომხეთში, ერევანის „ურარტუში“ გააგრძელებს.

„დინამოში“ აღარ ითამაშებს ონორე გომისიც, რომელიც გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე იყო. გომისმა კარიერა ბელარუსში გააგრძელა და კონტრაქტი „ვიტებსკთან“ გააფორმა.

გუნდმა ახალი ფეხბურთელი დაიმატა – კირილო მელიჩენკო. 25 წლის უკრაინელი მარჯვენა მცველი კიროვოგრადელია და კიევის „არსენალის“ აკადემიაში ვარჯიშობდა. 2017 წელს იგი დონეცკის „შახტარში“ მიიწვიეს, სადაც ახალგაზრდულ გუნდში ასპარეზობდა. 2020 წლის აგვისტოში ერთწლიანი იჯარით უკრაინის პრემიერლიგის ახალწვეულ „მინაიში“ ჩაირიცხა.

ამის შემდეგ მელიჩენკო „მარიუპოლში“ გადავიდა, ხოლო 2022 წელს დრეზდენის „დინამოს“ წევრი გახდა. თუმცა, გერმანიის ლიგა 3-ის გუნდი ზაფხულში დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო. კირილო მელიჩენკო 2016 წელს უკრაინის 18 წლამდე ნაკრებში მიიწვიეს, სადაც ორი მატჩი ჩაატარა.