ბათუმის „დინამომ“ სენეგალელი დაიმატა - მუსა კონატეს ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატზე უთამაშია #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ სენეგალის ნაკრების თავდამსხმელით, მუსა კონატეთი გაძლიერდა, – საქართველოს პირველ არხს ინფორმაცია დაუდასტურეს.
29 წლის მუსა კონატემ კარიერა სენეგალის მეორე დივიზიონის „ტურე კუნდა დე მბურში“ დაიწყო, სადაც მოიგო სენეგალის ასოციაციის თასი (2010 წელს). 2011 წლის დასაწყისში ჩაირიცხა თელ-ავივის „მაკაბიში“. 2012 წლის ზაფხულში „კრასნოდარმა“ მისი ტრანსფერი 2 მილიონ ევროდ გამოისყიდა.
2013 წლის ივლისში იტალიის სერია A-ს „ჯენოამ“ იჯარით დაიმატა. 2017 წლის 13 აგვისტოს „ამიენში“ გადავიდა, 2020 წელს კი, 2.4 მილიონი ევროს სანაცვლოდ, „დიჟონმა“ სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. 2021 წლის 15 სექტემბერს კონატე „ესპერანსა ტუნისიაში“ გადავიდა, ხოლო 2022 წლის 12 თებერვალს – თურქულ „სივასპორში“.
იყო სენეგალის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე სენეგალის ნაკრებში შესანიშნავად ითამაშა, ძირითად შემადგენლობაში დაიწყო ყველა მატჩი. „ოლდ ტრაფორდზე“ ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში 82-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში ინგლისის ნაკრებთან (1:1). მისი გუნდი მეოთხედფინალში გავიდა, კონატეს კი, ჯამში, 5 გოლი დაუგროვდა.
2012 წლიდან იწვევენ სენეგალის ეროვნულ გუნდში (34 მატჩი, 12 გოლი). იყო გუნდის განაცხადში 2015 წლის აფრიკის თასზე და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. გერმანული სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ი ბათუმელთა პოტენციური ახალწვეულის ტრანსფერს 1.2 მილიონ ევროდ აფასებს.