ბათუმის „დინამომ“ გიორბელიძე წარადგინა - ნაკრების ფეხბურთელმა ორნომრიანი მაისური აირჩია #1TVSPORT
ბათუმის „დინამომ“ გურამ გიორბელიძე წარადგინა და ახალწვეულს მუდმივნომრიანი მაისური გადასცა. ინფორმაციას ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს ვიცე-ჩემპიონ გუნდში ახალწვეულმა სათამაშოდ ორნომრიანი მაისური აირჩია. 26 წლის მცველი ბოლნისის „სიონში“ 4-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, გორის „დილაში“, „ვოლფსბერგერში“ და დრეზდენის „დინამოში” – 2 ნომრით, „ზაგლებიეში“ – 8-ით.
ბათუმის „დინამომ“ საქართველოს ნაკრების მცველი იჯარით დაიმატა. გურამ გიორბელიძის შესახებ პოლონურ „ზაგლებისთან“ მიღწეული შეთანხმება ექვსთვიან იჯარას ითვალისწინებს. მაგრამ ბათუმის „დინამომ“ 26 წლის მცველის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება მოიპოვა.
26 წლის გურამ გიორბელიძეს საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლის დანიშვნის შემდეგ, 2021 წლიდან იწვევენ. მან „ჯვაროსნების“ ფორმით სულ 11 მატჩი ჩაატარა.