ბათუმის „დინამომ“ გეგმები შეცვალა - ვიცე-ჩემპიონი პერტიას გუნდს შეხვდება #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ დღეს საკონტროლო მატჩი „ნესტვედ ბოლდკლუბთან“ უნდა გაემართა, მაგრამ ბათუმელთა პრესსამსახურის ცნობით, დანიელებთან დაგეგმილი ტესტ-მატჩი ორივე მხარის შეთანხმების საფუძველზე გაუქმდა.
მიზეზი უცნობია. ფაქტი ისაა, რომ ორივე კლუბმა სხვა მეტოქესთან თამაში ამჯობინა. დანიელებმა მეტოქედ „დინამოს“ ნაცვლად რუმინეთის A1 დივიზიონის კლუბი, „უნირეა დეჟი“ გამონახეს, დღეს შეხვდნენ და დიდი ანგარიშით დაამარცხეს 4:0.
ხვალ 17:30-ზე საქართველოს ვიცე-ჩემპიონი „ლიეპაიას“ დაუპირისპირდება, რომლის მთავარი მწვრთნელიც თამაზ პერტიაა, ხოლო წელს „თელავის“ მეკარე ლუკა სანიკიძე, „დინამო თბილისის“ ნახევარმცველი გიორგი კუცია და წყალტუბოს „სამგურალის“ საყრდენი ნახევარმცველი ლუქმან გილმორი გადავიდნენ.
„ლიეპაია“ თურქეთში 1-ელი თებერვლიდან ემზადება და 2 საკონტროლო მატჩი უკვე გამართა – 1-ელ თებერვალს „დრიტასთან“ 1:3 დამარცხდა, ხოლო 7 თებერვალს ხარკოვის „მეტალისტს“ 2:0 მოუგო.