ბათუმის „დინამომ“ „დილას“ ნახევარმცველი დაიმატა - ბიძინაშვილი ჩემპიონ გუნდში გადასული „საბურთალოს“ მეშვიდე აღზრდილია #1TVSPORT
ირაკლი ბიძინაშვილი პირველი ფეხბურთელია, რომელიც ბათუმის „დინამომ“ დაიმატა – საქართველოს ახალმა ჩემპიონმა 24 წლის ფეხბურთელი მესამეადგილოსანი გორის „დილადან“ დაიმატა.
ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ გუნდი ლეგიონერებითაც გაძლიერდება და ქართველი მოთამაშეებითაც. პირველი ნაბიჯი „დილას“ ერთ-ერთი ლიდერის დამატება აღმოჩნდა.
ირაკლი ბიძინაშვილი „საბურთალოს“ საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. გუნდი 2019 წელს დატოვა და ლატვიური „ელგავაში“ გადავიდა, შემდეგ ბედი სომხეთში, „ნოაში“ სცადა, მაგრამ 2020 წელს საქართველში დაბრუნდა და გორის „დილაში“ ჩაირიცხა. გასულ სეზონში გორელთა ფორმით 7 მატჩი ჩაატარა და ანგარიშზე 7 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. ბიძინაშვილი იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებების წევრი.
ამავე დროს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბათუმის „დინამო“, სავარაუდოდ, რამდენიმე მოთამაშეს დაემშვიდობება – მალხაზ გაგოშიძეს, რაფაელ ჩუკვურას, გია მანჯგალაძეს, ვაკო თევდორაძეს, ავსტრიელ ლეგიონერ ლუკას გროზურეკს, ლაშა შინდაგორიძეს და თავდამსხმელ გიორგი ნიქაბაძეს.
აღსანიშნავია, რომ ბიძინაშვილი ბათუმის „დინამოს“ მე-7 ფეხბურთელია, რომელიც „საბურთალომ“ აღზარდა. ის თბილისური კლუბის აკადემიაში იზრდებოდა ლაზარე კუპატაძესთან, გოგა ჩაბრაძესთან, გაგი მარგველაშვილთან, სანდრო ალთუნაშვილთან და ლადო მამუჩაშვილთან ერთად. მათ გარდა, „საბურთალოში“ დაიწყო კარიერა გუნდის კაპიტანმა მამუკა კობახიძემ.