თორნიკე კაპანაძე კარიერას ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.
ეროვნული ლიგის ერთ-ერთმა ყველაზე საინტერესო თავდამსხმელმა საქართველოს ვიცე-ჩემპიონთან კონტრაქტი უკვე გააფორმა, ის გუნდს გორის „დილადან“ შეუერთდა, სადაც 2021 წლიდან თამაშობს.
30 წლის კაპანაძემ კარიერა „სამტრედიაში“ დაიწყო, იყო წყალტუბოს „სამგურალისა“ და „ზესტაფონის“ მოთამაშე, ასევე კახა ჩხეტიანის ფორმაციის ქუთაისის „ტორპედოს“ ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე. ერთი წელი „დინამო თბილისშიც“ გაატარა.
თორნიკე კაპანაძემ გასულ სეზონში გორის „დილაში“ 28 თამაში ჩაატარა და 9 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, ხოლო ეროვნულ ლიგაში საუკეთესო მეგოლეთა ათეულში მოხვდა.