ბათუმის „დინამომ“ ბრაზილიელი ფორვარდი პოლონეთიდან დაიმატა #1TVSPORT
საფეხბურთო კლუბმა, ბათუმის „დინამომ“ კიდევ ერთი ახალწვეული წარადგინა – პოლონური „რადომიაკის“ ბრაზილიელი ცენტრალური თავდამსხმელი მაურიდეს როკე ჟუნიორი.
მაურიდეს როკე ჟუნიორმა სამედიცინო შემოწმება ვარშავაში წარმატებით გაიარა და ქართულ გუნდთან ხელშეკრულება 2027 წლის ბოლომდე გააფორმა.
ამასთან, კლუბი ინარჩუნებს უფლებას, კონტრაქტი დამატებით ერთი წლით გაახანგრძლივოს.
„ბედნიერი ვარ „დინამოში“ გადმოსვლით, ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. მიყვარს გოლების გატანა და ყველაფერს გავაკეთებ, კლუბს დასახული მიზნების მიღწევაში რომ დავეხმარო“, – ამბობს მაურიდესი.
ფეხბურთელი ბრაზილიური „ინტერნასიონალის“ აღზრდილია და პროფესიული კარიერის საწყისი წლები ამ კლუბში გაატარა. შემდეგ მაურიდესმა პორტუგალიური „ბელენენსეშის“, ბულგარული სოფიის ცსკა-ს, გერმანული „სანქტ პაულისა“ და პოლონური „რადომიაკის“ მაისურით 280 შეხვედრაში 64 გოლი გაიტანა.
***
ამასობაში ბათუმის „დინამო“ თურქეთის სამთო კურორტ ერზრუმში გაემგზავრა, სადაც ეროვნული ლიგის მეორე ნახევრისთვის მზადება დაიწყო.
გია ჭიაბრიშვილის გუნდი თურქეთის სუპერლიგის კლუბებთან სამ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. კონკრეტული მეტოქეების ვინაობა მალე გაირკვევა. თურქეთში შეკრება 17 ივლისს დასრულდება.
ბათუმელები თურქულ შეკრებაზე 24 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრნენ. გუნდს რამდენიმე ახალწვეული თურქეთში შეუერთდება.
მეკარეები
ლაზარე კუპატაძე, მათე თურმანიძე
მცველები
მამუკა კობახიძე, ლუკა ქაფიანიძე, ლუკა ლაკვეხელიანი, ნიკა კალანდარიშვილი, რეზი ჩიტეიშვილი, დირკ კარლსონი, ალიკა გეთიაშვილი, ივან ტურიცოვი
ნახევარმცველები
ლუკა წულუკიძე, უერდი მარა, არტემ მილჩენკო, გურამ ჯაფარიძე, თორნიკე კირკიტაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ფუტკარაძე, ბექა ბარამიძე, დმიტრი მანდრიჩენკო, ავაკა ეშეთე
თავდამსხმელები
გიორგი კოხრეიძე, ლევან ხოზრევანიძე, მაურიდეს როკე ჟუნიორი
ბათუმის „დინამო“ სეზონს საქართველოს თასის გათამაშებით განაახლებს – 25 ივლისს გუნდი თბილისში „ორბს“ დაუპირისპირდება.