ბათუმის „დინამო” საკუთარ მოედანზე აპრილამდე ვერ ითამაშებს
ბათუმის „დინამო” საკუთარ მოედანზე აპრილამდე ვერ ითამაშებს

ბათუმის „დინამო” 10 მარტს პირველ საშინაო შეხვედრაში „ვიტ ჯორჯიას” უმასპინძლებს, მაგრამ ეროვნულ ლიგა 2-ის ეს მატჩი ანგისაში აშენებული ახალი ბაზის ნაცვლად, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ამან გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია და გაჩნდა კითხვა, რატომ არ შეუძლებელი მატჩის ჩატარება ანგისაში. აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპლექსის მშენებლობა ორი თვის წინ დასრულდა. მოწყობილია ორი – ხელოვნურ და ბუნებრივსაფარიანი მოედანი და ასევე ტრიბუნები.

ბათუმის ”დინამოს” პრესსამსახურმა ამ საკითხზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

„ბევრ გულშემატკივარს აინტერესებს, ბათუმის “დინამო” საშინაო მატჩებს ქუთაისში რატომ ატარებს. ანგისის ბაზის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა ჯერ ბუნებრივსაფარიანი მოედანი მატჩების მისაღებად მზად არ არის, ხოლო ხელოვნურსაფარიანს არ აქვს ტრიბუნა. ბალახი მატჩების მისაღებად მზად იქნება აპრილიდან და შესაბამისად, ბათუმის “დინამო” ანგისის ბაზაზე აპრილიდან უმასპინძლებს. რაგბი არენის ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში მწვრთნელმა არ ისურვა” – წერია განცხადებაში.