ბათუმის „დინამო“ ლიგა 2-ის პირველი ნახევრის გამარჯვებულია
ბათუმის „დინამო“ ლიგა 2-ის პირველი ნახევრის გამარჯვებულია

ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში მე-18 ტურის 4 მატჩი გაიმართა და პირველი ნახევარი დასრულდა. ლიდერმა, ბათუმის „დინამომ“ „ვიტ ჯორჯიასთან“ უპირატესობა გაზარდა.

პირველი მატჩი „მცხეთა პარკზე“ გაიმართა. მეოერადგილოსანმა „ვიტ ჯორჯიამ“ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ „ნორჩ დინამოსთან“ მხოლოდ ქულა მოიპოვა 0:0. ასევე ფრედ დასრულდა „თელავისა“ და „ცხინვალის“ დაპირისპირება – 0:0.

„გაგრამ“ კი თბილისის „შევარდენი 1906“-თან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. მე-7 წუთზე ანგარიში გოგიტა გოგატიშვილმა გახსნა, 90-ე წუთზე კი თამაზ ლომსაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 2:0.

გათამაშების ლიდერი ბათუმის „დინამო“ მარტვილში „მერანს“ ესტუმრა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. შეხვედრა გიორგი გეგუჩაძის გაწვრთნილების უპირატესობით წარიმართა და მათ დამსახურებულადაც გაიმარჯვეს. გოლები გაიტანეს გაბრიელ რამოსმა (37), ნიკა საბანაძემ (40), ჯოვინო ფლამარიონმა (50) და გიორგი ჯანელიძემ (80).

მე-18 ტურში გამარჯვებით ბათუმის „დინამომ“ 34 ქულა დააგროვა და ლიგა 2-ის პირველი ნახევრის ჩემპიონი გახდა. ბათუმელები უკვე სამი ქულით ასწრებენ „ვიტ ჯორჯიას“, ხოლო „გაგრას“ – 5 ქულით. მე-18 ტური და პირველი ნახევარი ხვალ აუტსაიდერების შეხვედრით დასრულდება: ანგისას საფეხბურთო ბაზაზე ქობულეთის „შუქურა“ წყალტუბოს „სამგურალს“ ეთამაშება.