ბათუმის „დინამო“ ისევ გალიდერდა - ჩემპიონმა „ლოკომოტივი“ დაამარცხა #1TVSPORT
ბათუმის „დინამო“ ისევ გალიდერდა - ჩემპიონმა „ლოკომოტივი“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-5 ტური თბილისში გამართული შეხვედრით დაიწყო – ბათუმის „დინამო“ თბილისის „ლოკომოტივს“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ აუტსაიდერთან გაუჭირდა, დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა.

პირველ ტაიმში „ლოკომოტივს“ ანგარიშის გახსნის სამი რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ ამ შანსებით ვერ ისარგებლეს და ამისთვის ბათუმელებმა მასპინძლები დასაჯეს. 45+2-ე წუთზე მარჯვენა ფლანგზე განვითარებული შეტევა თორნიკე გაფრინდაშვილმა საჯარიმოში ირაკლი ბიძინაშვილს გაუგრძელა, რომელმაც ზუსტი თავური დარტყმით „დინამო“ დააწინაურა – 1:0.

მეორე ნახევარში ბათუმელებმა მეორე გოლიც გაიტანეს. გუჯა ლობჯანიძემ დასარტყმელ პოზიციაზე მილან რადინი გაიყვანა, რომელმაც ახლოდან ზუსტად დაარტყა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 2:0 მოქმედი ჩემპიონის სასარგებლოდ.

ბათუმის „დინამომ“ 5 ტურის შემდეგ 10 ქულა დააგროვა და ეროვნულ ლიგაში ისევ გალიდერდა. „ლოკომოტივი“ კი ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა და კვლავ უქულოდაა.