ეროვნული ლიგს მეოთხე ტურის შეხვედრაში, რომელიც გორში გაიმართა, ბათუმის „დინამომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა, დამაჯერებლად დაამარცხა და ჩემპიონატში გალიდერდა.
საწყის წუთებში სახიფათო მომენტი ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ ანგარიში ბათუმელებმა გახსნეს. გიორგი ნიქაბაძე საჯარიმოში ესტებან მასკარენიასთან ბრძოლაში წაიქცა, მთავარმა არბიტრმა კი პენალტი დანიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა გამოიყენა 1:0.
საგოლე მომენტები „სამტრედიასაც“ ჰქონდა, მაგრამ სტუმრებმა მისი დაგვირგვინება ვერ მოახერხეს. ბათუმელებმა კი ულამაზესი კომბინაციით სხვაობა გაზარდეს – სანდრო ალთუნაშვილისა და ჯაბა ჯიღაურის წამოწყებული შეტევა გიორგი ფანცულაიამ გოლით დაასრულა – 2:0.
ბათუმელებმა მეორე ტაიმში კიდევ რამდენიმე საგოლე მომენტი შექმნეს. თავის გამოჩენა ლაშა შინდაგორიძესაც შეეძლო, რომელმაც „დინამოს“ ფორმით სადებიუტო მატჩი ჩაატარა. თუმცა, ბათუმის „დინამომ“ მეტი ვეღარ გაიტანა, საბოლოოდ, 2:0 მოიგო, 10 ქულა დააგროვა და გორის „დილას“ მატჩამდე (14 მარტს ზესტაფონში წყალტუბოს „სამგურალს“ ესტუმრება) ჩემპიონატში ერთპიროვნულად გალიდერდა. „სამტრედიამ“ კი ჯერ ქულაც ვერ მოიპოვა და ბოლო ადგილზეა.
„დინამო“ ბთ – „სამტრედია“ – 2:0.
გოლები: 1:0 ნიქაბაძე (11. პ), 2:0 ფანცულაია (45. ჯიღაურის პასით)
13.03. 2021. გორი. „თენგიზ ბურჯანაძე – არენა“. უმაყურებლოდ.
„დინამო“ ბთ: ლ. კუპატაძე – ჩაბრაძე, მარგველაშვილი, აზაცკი, აზაროვი- ალთუნაშვილი (81. ზარია), ტეიდი (61. მამუჩაშვილი), მანჯგალაძე – ჯიღაური, ნიქაბაძე (57. შინდაგორიძე), ფანცულაია (57. გროზურეკი)
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
„სამტრედია“: კულუა – კაბა სამბუ, ა. გიორგაძე, მასკარენია – იოსელიანი, რობაქიძე (61. ლუკავა), გადირზადე (68. ლალიჩი), ცეცხლაძე- მესიაჩენკო – პაულინო ვარიეტი (46. ილურიძე), ნათან ჟუნიორი (61. რუხაძე)
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე
მთავარი არბიტრი: დ. სანოძე
გაფრთხილებები: მასკარენია (10), შინდაგორიძე (64), რუხაძე (70), კამბუ (76), მანჯგალაძე (78)
ტურის დანარჩენი 4 მატჩი 14 და 15 მარტს გაიმართება:
კვირა, 14 მარტი
სამგურალი – დილა
16:00. დავით აბაშიძე – ზესტაფონი
ტორპედო – თელავი
18:00. რამაზ შენგელია – ქუთაისი
დინამო თბ – საბურთალო
20:00. დინამო არენა – თბილისი
ორშაბათი, 15 მარტი
ლოკომოტივი – შუქურა
16:00. დინამო არენა – თბილისი