ბათუმის „დინამო“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა დატოვა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის განახლების შემდეგ ბათუმის „დინამო“ შინ ფოთის „კოლხეთს“ დაუზავდა 0:0. შედეგზე არანაკლებ მოულოდნელი მოედანზე მასპინძელთა ლიდერის, ვლადიმერ მამუჩაშვილის არყოფნა იყო – როგორც გაირკვა, 26 წლის ნახევარმცველმა გუნდი დატოვა.
ეს სიახლე მატჩის შემდეგ დაგვიდასტურეს, მაგრამ მამუჩაშვილის წასვლის მიზეზი არ დააკონკრეტეს. ამ ფონზე კიდევ უფრო უცნაურია Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ბათუმელთა ლიდერს ახალი გუნდიდან წინადადება ჯერ არ აქვს.
მამუჩაშვილი ერთადერთი არაა, ვინც ბოლო დროს ბათუმის „დინამო“ დატოვა – ჯერ ეს ნაბიჯი ცოტნე ფაცაციამ გადადგა და ქუთაისის „ტორპედოში“ ჩაირიცხა, შემდეგ ლევან კუტალია წყალტუბოს „სამგურალში“ გადავიდა, სამიოდე დღის წინ პაატა ღუდუშაური ისრაელში წავიდა.
ამასთანავე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბათუმის „დინამოში“ ფინანსური პრობლემებია, რასაც კლუბში არ ადასტურებენ.