ბათუმის ბულვარში 16 წლის მოზარდსა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა
ბათუმის ბულვარში 16 წლის მოზარდსა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა

ბათუმის ბულვარში 16 წლის მოზარდსა და დაცვის პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც მოზარდი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე მომხდარის სხვადასხვა ვერსია ვრცელდება.

მოზარდის მეგობრები ყვებიან, რომ დაცვის პოლიციის სამმა თანამშრომელმა ახალგაზრდა ბიჭს სცემა.

„ველოსიპედით სეირნობდა ბულვარში. პოლიციამ უთხრა ჩამოსულიყო და ველობილიკზე გადასულიყო. ათი ნაბიჯი იყო იქამდე და ველოსიპედით გადავიდა. რატომ არ ჩამოხვედიო, მიცვივდნენ, აგინეს და სცემეს, სამმა ერთი ბიჭი. დაზიანებები აქვს მიყენებული“, – ამბობს მოზარდის ერთ-ერთი მეგობარი.

ბულვარიდან მოზარდი რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა.

„დაზიანებები არ აღენიშნებოდა, ემოციურად იყო დატვირთული“, – განაცხადეს ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, მოზარდის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

„პაციენტი მოიყვანეს ისტერიული გულყრით, რაც ემოციური აღგზნების შედეგია. ისეთი დაზიანება, რომ სამედიცინო დახმარება დასჭირვებოდა, არ აღენიშნება“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, მალხაზ ნაკაშიძემ.

ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მოზარდი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ველობილიკზე გადასულიყო და სამართალდამცველს მიაყენა როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა პარალელურად დაიწყო სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ.

თვითმხილველები და დაცვის პოლიციის თანამშრომლები გამოკითხვაზე იმყოფებიან.